საზოგადოება
სამინისტროებს გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ

111grantiiთბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სამინისტროებს არასამთავრობო სექტორისთვის გრანტების გაცემის შესაძლებლობას აძლევენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე მომზადდა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას შეუძლია დაადგინოს ის შემთხვევები, როდესაც სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან საგრანტო პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სახსრების გამოყენების წინასწარი შეფასებები მთავრობას უნდა წარუდგინოს.  „საქართველოს სამინისტროებს თავიანთი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების პროცესში უწევთ მჭიდრო ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ ურთიერთობის მიზანია შესაბამის სფეროში მოქმედი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ფარგლებში შემუშავებული კონკრეტული პროგრამების ერთობლივი განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება და ხელს უწყობს სამინისტროების ამოცანების ეფექტიან განხორციელებას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

საქართველოს კანონმდებლობით, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირი; საქართველოს მოქალაქე; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე.