პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

sagareoთბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წლის 27 სექტემბერს გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„2011 წლის 27 სექტემბერს გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის გამოსვლაში შეეცადა, კვლავ დაედანაშაულებინა საქართველო 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში. ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის მზადყოფნა, გახდეს „ძალის არგამოყენების გარანტი საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის“. მან, ასევე, მოუწოდა ევროკავშირსა და აშშ-ს, მიბაძონ რუსეთს. ამგვარი განცხადებებით რუსეთი აგრძელებს ფარისევლურ მცდელობას, დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ის არის არა კონფლიქტის მონაწილე მხარე, არამედ მშვიდობისმყოფელი და, შესაბამისად, შეუძლია, გახდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი. რუსეთი კვლავ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განიხილებოდნენ. ამასთან, ლავროვის განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ რუსეთი აგრძელებს მცდელობას, დაამკვიდროს ევროპაში ე.წ. გამყოფი ხაზები და გავლენის ექსკლუზიური სფეროები.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რეგულარულად და დემონსტრაციულად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ ვალდებულებებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას.

საქართველომ გამოავლინა კეთილი ნება და 2010 წლის 23 ნოემბერს ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ მოჰყოლია. რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, განაახლოს ძალის არგამოყენების ვალდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აიღო. ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რუსეთი ვერ მოახერხებს ამ ვალდებულებისთვის თავის არიდებას. ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში იქნება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი მე-17 რაუნდის მთავარი თემა 2011 წლის 4 ოქტომბერს.

განსაკუთრებით ცინიკურად გაისმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის პირველი დიპლომატის ზემოთ აღნიშნული „სამშვიდობო“ განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეტევითი შეიარაღების შეტანის, რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო წვრთნების, გამალებული სამხედრო აღმშენებლობისა და საომარი რიტორიკის ფონზე. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინათ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, ბატონი ბაღდასაროვის განცხადება 2014 წლამდე საქართველოსთან კიდევ ერთი ომის აუცილებლობის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ რუსეთის ფედერაციამ რაც შეიძლება მალე უნდა განაახლოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ. მხოლოდ ამგვარი ნაბიჯით შეძლებს რუსეთი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების მცირედით მაინც გაუმჯობესებას“.