თბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოება „ლალხორის“ თავმჯდომარე მირონ ფირცხლიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძის განკარგულებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ანგრევენ.
სვანეთის მოსახლეობა უკიდურესად აღაშფოთა მუზეუმის ნგრევით გამოწვეულმა ფაქტმა და იქ არსებული უნიკალური და ფერწერული ხატების, ოთხთავებისა და არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ნივთების ქუჩაში გამოყრამ და ღია ცის ქვეშ ხელოვნურად შეკოწიწებულ ე.წ. კონტეინერებში მოთავსებამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლალხორი“, რომელიც ზემო, ქვემო და აფხაზეთ-სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დააარსეს, მიმართავს როგორც საპატრიარქოს, ისე საქართველოს მუზეუმების გაერთიანების დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს, რომ მოხდეს შეთანხმება, რაც გულისხმობს არსებული საგანძურის ეკლესიაში, კერძოდ, მესტიის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაბრძანებას.
„სვანეთმა, ერთადერთმა კუთხემ, ქართველ ერს დღემდე შეუნარჩუნა აღნიშნული სიწმიდეები. არ გვაქვს უფლება, ვიღაცის ახირებული მოსაზრების გამო, ჩვენი სიწმიდეები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. მირონ ფირცხლიანის ინფორმაციით, თუ სიწმიდეებს ეკლესიებში არ გადააბრძანებენ, მოსალოდნელია მოსახლეობასა და მუზეუმის ადმინისტრაციას შორის მუდმივი დაპირისპირება, მათ შორის, სასამართლოში სარჩელის შეტანა და შემდგომი ვითარების გართულება.