საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
უწყების ცნობით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.
აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, მანამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.