საზოგადოება
„ვენახი რომ გაყიდო, იმის ფულიც კი არ გეყოფა დასახსნელად“

muqara2სიღნაღი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე გლეხებს, რომლებმაც რთველთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს და კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინტერვიუ მისცეს, პოლიციის თანამშრომლები დაემუქრნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა მათ შინ გუშინ გვიან ღამით მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ თუ ხმას არ ჩაიწყვეტენ, პრობლემები შეექმნებოდათ.

„მოვიდნენ და მითხრეს – რას ბუნტაობ, რომ ბუნტაობ, გგონია, ჟურნალისტები გიშველიან? ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, წლევანდელი მოსავალი კი არა, ვენახი რომ გაყიდო, იმის ფულიც კი არ გეყოფა დასახსნელად... არაფერი მითქვამს, ერთ-ერთი მათგანი ნასვამი იყო და შარს ეძებდა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ უკმაყოფილო გლეხებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ნასყიდაშვილი და გამგეობის თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბარს  გუშინვე აქციის მიმდინარეობის დროს უშლიდნენ.