თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებულ პუბლიკაციაში თეიმურაზ შაშიაშვილი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:
2003 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსვლიდან 2008 წლის ბოლომდე 5 (!) წელიწადში მათ მოახერხეს ქვეყნის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის 1,7-ჯერ, ანუ 12 მილიონ 300 ათასი ეგზემპლარით შემცირება.
იმავე პერიოდში მასობრივი და უნივერსალური ბიბლიოთეკები 2,5-ჯერ შეამცირეს და არსებულის 38,8% დატოვეს.
ბიბლიოთეკებისა და წიგნების შემცირება, ტერიტორიულად მეტად დაშორებამ და ტრანსპორტის გაძვირებამ ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადა ბიბლიოთეკები მკითხველისათვის. შედეგად, მკითხველთა ოდენობა იმავე 5 წელიწადში 1,8 -ჯერ შემცირდა.
ერთადერთი, რაც ამ პერიოდში ამ დარგში გაიზარდა, ეს არის მკითხველთა საშუალო ოდენობა ერთ ბიბლიოთეკაზე. 1,4-ჯერ ზრდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ წიგნთმოძულე ხელისუფლების ქვეყანაში გაძლიერდა ხალხის ინტერესი კითხვისადმი.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაკვლიეთ 2009-2010 წლების მონაცემებს, ვინაიდან ოფიციალურ საიტზე გაკეთებულია მინაწერი, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციული წყაროებიდან აღარ ხორციელდება. ინფორმაციის მიუწოდებლობა, საზოგადოდ, კანონით ისჯება, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ხელისუფლება გამოქვეყნებას ვერ ბედავს.
და ერთიც. ბევრი დაიწერა და კიდევ მეტი დაიწერება ჩვენი უმაღლესი ხელისუფალის წიგნიერებაზე, განსწავლულობაზე, ცოდნა-განათლებაზე.
ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ბრძანა: „ერთი პიცუნდა გააკეთეს და ისიც იმიტომ, რომ მოსკოვთან ახლოა“.
მოსკოვთან ახლო ისაა, ვინც სიტყვა „პიცუნდა“-თი ცვლის ტოპონიმს, რომელსაც ჯერ კიდევ ანტიკური მოგზაურები ქართული სიტყვით – „ბიჭვინთა“ – მოიხსენიებდნენ. ტოპონიმს რომ თავი დავანებოთ, ქართული ანტიკური დასახლებული პუნქტის იმ ერის ენაზე სახელდება, რომელსაც დაპყრობილი აქვს ტერიტორია – პოლიტიკური სიბეცე, ისტორიული გაუნათლებლობა, ლიტერატურული უვიცობაა“.