სამართალი
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მოსასწრებად

11siebiთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე დეპუტატები საარჩევნო სიების დაზუსტების თაობაზე მოქმედ კოდექსში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებენ, რათა სიების გადამოწმება 2012 წლის 1 ივლისამდე მოესწროს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურად ქრისტიან-დემოკრატების მიერ იქნა ინიცირებული. მმართველი პარტია დაეთანხმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის – „ქრისტიან-დემოკრატების“ მოთხოვნას ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.

სიების მონიტორინგის მექანიზმი გათვალისწინებულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გააფორმა. შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიაში, რომელსაც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი 2012 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს დაესრულებინა, წევრის წარდგენის უფლება მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.

თუმცა საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების პროექტში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება არ არის ასახული.

პროექტის თანახმად, კომისიას პრეზიდენტი ქმნის და მასში „თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, რომელთა რაოდენობაც 21-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონპროექტის მიხედვით, კომისია თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ წევრთაგან ირჩევს, რომლის მიერ „ცესკოში წარდგენილი სია წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას“,  გადაწყვეტილებას დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის მესამედით იღებს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, კომისია სიების დაზუსტებას „სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების პრინციპით“ 2012 წლის 1 ივლისამდე განახორციელებს.

სიების გადამოწმების პროცესში სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ კომისიასთან, რომლის საქმიანობა, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების თითქმის ასეთივე მექანიზმი იყო გამოყენებული 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ, როცა ამ მიზნით თერთმეტ პარტიას ჯამში 1.2 მლნ  ლარი გამოეყო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე. ორთვიანი მონიტორინგის შედეგად პარტიათა მიერ გამოვლენილი ხარვეზების, დაახლოებით, 14% ჩაასწორა ცესკომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცესკო, რომელსაც აღარ ექნება ვალდებულება, რომ არჩევნებამდე ელექტორატის საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს.