პოლიტიკა
უზუსტობები პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში

misha_MK---Copyთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეუღლესთან – სანდრა რულოვსთან, ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 ათას ლარამდე „შოვნა“ მოახერხა, თუმცა მისი სახელმწიფო წლიური შემოსავალი 60 ათას ლარს არ აღემატება. პირველი ლედის შემოსავალი კი ორივე წელს მთლიან ჯამში 1000 ევროს შეადგენდა. „სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს საბანკო ანგარიშებზე ქონება, დაახლოებით, 140 ათასი ლარით გაიზარდა. ამასთან, ამავე დეკლარაციაში მისი მეუღლის სახელზე გაჩნდა გუდაურში 500 კვ მ მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ფასი, დაახლოებით, 40 ათასი ლარია. პრეზიდენტს დეკლარაციის შემოსავლების გრაფაში მითითებული აქვს მხოლოდ ხელფასი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი 2010 წელს, დაახლოებით, 50 ათას ლარს შეადგენდა, კუთვნილი საბანკო ანგარიშები 140 ათასი ლარით არის გაზრდილი. ამავე დროს, წყარო მითითებული არ არის“, – წერს  „რეზონანსი“.

ამასთან, იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს დარღვეული აქვს დეკლარაციების შევსების წესი, რაც ქართული კანონმდებლობით დანაშაულია და, წესით, მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დგება ორ შემთხვევაში – თუკი პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ორივე შემთხვევაში საკითხს სვამს პარლამენტი და დეპუტატთა 1/3-ის, ანუ 50 დეპუტატის, თანხმობის შემთხვევაში, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი დარღვეულია კონსტიტუცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი – უზენაეს სასამართლოს. იმის გამო, რომ დეკლარაციის შეცდომით შევსება და უკანონო შემოსავლების ქონა არის სისხლის სამართლის დანაშაული, წესით, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით დეპუტატებს შორის ხელმოწერა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დიდი ხნის წინათ დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელი მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოაწერა.