საზოგადოება
ბირჟებზე გასატან აქციათა ლიმიტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

parlamenti_sulaთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან კენჭისყრისას ჩააგდეს წინადადება, რომელიც სახელმწიფო კომპანიების – „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ელექტროსისტემის“, ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციათა არაუმეტეს 25 პროცენტის განთავსების ნებას დართავდა მთავრობას საერთაშორისო ბირჟებზე.

ეს ალტერნატიული წინადადება ქრისტიან-დემოკრატებმა წარადგინეს, თუმცა ის უარყოფილ იქნა და არ აისახება კანონპროექტში, რომელიც სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას ეხება. ეს კანონპროექტი მმართველი პარტიის დეპუტატებმა ერთხმად – 80 ხმით, მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

 

ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს იმ მოტივით, რომ ეს ნაბიჯი სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფოს კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს. თუმცა მთავრობა ირწმუნება და ამის შესახებ არაერთხელ გააკეთა ზეპირი განცხადება, რომ არ აპირებს სახელმწიფო აქციების საკონტროლო პაკეტის გასხვისებას საერთაშორისო ბირჟების მეშვეობით.

პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების მიღებას, რომლის მიხედვითაც, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სახელმწიფო უნდა ფლობდეს აქციების 50 პროცენტზე მეტს, დღეს დადგენილი 75  პროცენტის ნაცვლად.

ეს ცვლილება მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, რომ კორპორაციის გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, მასში საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნოს, თუმცა გაასხვისოს აქციათა 50%-მდე წილი.

ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებას აპირებს, არიან, „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“ და თბილისში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53 პროცენტს შეადგენს.