საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პიროვნების ფსიქოლოგიური ტიპი გამორიცხავს იმპულსურობას, ამიტომ ახლანდელი „პრემიერის პრემიერა“ — როდესაც ირაკლი „მეორემ“ (კობახიძე რიგით მეორე პრემიერია საქართველოში, სახელად ირაკლი) მეფე ერეკლე II-ის გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატისთვის რუსეთის იმპერიასთან, „ბრძნულ უალტერნატივო ნაბიჯად“ აღიარა — მიუკერძოებელი პრაგმატიზმის გამოვლინებაა და არა ძველი დროისადმი ნოსტალგიის ნიშანი.
ქართველი პოლიტიკური ხელმძღვანელისთვის იშვიათი შეუშფოთებლობა და პრაგმატიზმი, 20 წლის წინ დიუსელდორფის უნივერსიტეტში დისერტაციანაცავი სამართლის დოქტორის პრინციპულობასა და მოუსყიდველობასთან ერთად, გადამწყვეტი არგუმენტები აღმოჩნდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც კობახიძეს ჯერ პარტიისა და პარლამენტის, ხოლო 2024 წლიდან — საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა ანდო.
ირაკლი კობახიძე (მიუხედავად იმისა, რომ „მეორეა“) — პირველია, ვინც ამხილა შეკვეთილი რუსოფობია საქართველოში: მისი მიზნები, დამკვეთები და შემსრულებლები, და ესეც პრაგმატული მოსაზრებებით გააკეთა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „ქართული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პირობებში დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, (მაგრამ) საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთთან მიმართებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაა“. სწორედ ამიტომ, პრაგმატიზმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის რანგშია აყვანილი და საგარეო პრობლემების ექსკლუზიურად მშვიდობიანი გზით გადაჭრას გულისხმობს, ახალი „ქართული მოდელია“, რომელიც მისაღებია მრავალი პოსტკონფლიქტური სიტუაციისთვის/ქვეყნისთვის.
პრაგმატიზმითაა განპირობებული საქართველოში რუსოფობიის, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის, წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან რუსოფობიის ტაქტიკური მიზანია — არა მხოლოდ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, არამედ ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანაც (რაც კვლავაც ხორციელდება Facebook-ის საშუალებით სიძულვილის ენის გამოყენებით; შსს-ს ახალი სამმართველო სიძულვილის ენისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამწუხაროდ, უძლური აღმოჩნდა); რუსოფობიური ფლეშმობების შედეგად რუსი ტურისტების გადინება და, როგორც შედეგი, სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის ძირის გამოთხრა — გარღვევა ბიუჯეტში სახელმწიფო და კერძო ტურისტული ინდუსტრიის გაკოტრებასთან ერთად. პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მთავრობამ ხელი არ შეუშალა ქართულ ბიზნესს აფხაზეთში ბენზინის გაყიდვაში საწვავის კრიზისის ფონზე.
ხოლო რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით ტრანზიტული სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნა, რაც ახლახან მოსკოვში შემოგვთავაზეს, ეს პრაგმატიზმია თუ ქართულ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება? როგორი იქნება ოფიციალური თბილისის შეფასება?
„პუტინის გზა“
2026 წლის 20 მაისს, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (НИИРК) დირექტორი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კორპორაციული უსაფრთხოების კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვლადისლავ გასუმიანოვი НИИРК-ის X საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2026. ახალი რეალობა“ გამოვიდა ინიციატივით, რათა შეიქმნას „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გზა“. „თუ არსებობს „ტრამპის გზა“ აზერბაიჯანიდან თურქეთში („ტრამპის სატრანზიტო მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, TRIPP), მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს „პუტინის გზა“ რუსეთიდან, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით, სომხეთში?“ — სვამს რიტორიკულ კითხვას გასუმიანოვი.
„„პუტინის გზა“, როგორც ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი გეზი“ — ვეხმაურები 25 მაისის პუბლიკაციით, სადაც განვიხილე საქართველოსთვის შესაძლო პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები გასუმიანოვის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში. ნუთუ ეს არის პირველი ნაბიჯი საქართველოს გაერთიანებისკენ, რაც „ქართული ოცნების“ ბრწყინვალე გამარჯვება გახდება?!
ორი თვის შემდეგ შეთავაზებული პროექტის იდეას — „მარშრუტს, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს რუსეთი სომხეთთან აფხაზეთისა და საქართველოს გავლით და გააფართოოს წვდომა სამხრეთ კავკასიისა და ირანის ინფრასტრუქტურაზე“ — ავტორი ავითარებს სტატიაში „„პუტინის გზა“ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კავშირის არქიტექტურაში: გეოსტრატეგიული და პოლიტიკურ-კომუნიკაციური მნიშვნელობა“ (გამოქვეყნდა ჟურნალ „Международная жизнь“-ის ვებგვერდზე, რუბრიკაში „საექსპერტო ანალიტიკა“ 2026 წლის 22 ივლისს). „მარშრუტის შესაძლო რეალიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ტრანზიტის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სასაზღვრო ტერიტორიების განვითარებას“, — აღნიშნავს, კერძოდ, გასუმიანოვი და აუდიტორიას განსახილველად საკმარისი მოცულობის ინფორმაციას აწვდის. რამაც, თავის მხრივ, საშუალება მომცა დღეს ვარაუდებიდან ქვემოთ მოყვანილ პროგნოზებზე გადავსულიყავი.
ნიშანდობლივია, რომ ამჯერად ავტორი თავის ინიციატივას, „Дорога Путина“-ს ნაცვლად, „Путь Путина“-ს უწოდებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხიდირბეგიშვილის ვერსიით, ის „ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი გეზია“ (იხ. ზემოთ), ან გვარი „Путин“ მომდინარეობს სიტყვიდან „путь“ (გზა), არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო ზუსტად შეესაბამება მის შინაარსს. საქმე იმაშია, რომ გასუმიანოვი ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ლოგისტიკურ პროექტს, არამედ როგორც რეგიონული უსაფრთხოების, პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და სამხრეთ კავკასიაში ნდობის აღდგენის ინსტრუმენტს: „ინიციატივა „პუტინის გზის“ მონაწილეებს აქვთ საკუთარი სარგებელი და ინტერესები, მაგრამ მათ აერთიანებთ საერთო დაინტერესება რეგიონული კავშირებისა და ურთიერთობების პროგნოზირებადობის აღდგენაში. ამიტომ არის შანსი, რომ პროექტზე შეთანხმების (არა გარიგების, არამედ სწორედ შეთანხმების) საფუძველი პირველად გახდება არა პოლიტიკური პოზიციების დამთხვევა, არამედ ახალი არაპოლიტიკური პირობების გაჩენა ორმხრივი შეთანხმებისთვის, კომპრომისების ძიებისთვის, დიალოგის შესაძლებლობებისთვის და, საბოლოო ჯამში, დაკარგული ნდობის აღსადგენად“, — აჯამებს გასუმიანოვი.
სააკაშვილის დაკარგული შანსი
მინდა ძირშივე აღვკვეთო ახალი რუსოფობიური კამპანია, რომლის აგორებასაც ამ პუბლიკაციის გამოსვლის შემდეგ უცხოელი აგენტები — რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი — შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ვახსენებ ადგილობრივ „მეხუთე კოლონას“, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის პროექტის განხორციელება უზომოდ სურდა მათ ბელადს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობის დროს — იმდენად ძლიერად, რომ სანაცვლოდ საქართველოს ხმა მისცა „მომხრედ“ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის ფედერაციის მიღებაზე, რასაც იგი 18 წელი ესწრაფვოდა.
რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის ტრანზიტის გახსნას პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის წყალობითაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია დღემდე არ ვრცელდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოზე, სრულებით არ თვლიდა საქართველოს ღალატად, „კრემლის ინტერესებისადმი მორგებად“ და „სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სამარცხვინო აღიარებად“ (რუსოფობიაზე შეკვეთის მიმღები ადგილობრივი უცხოელი აგენტების მორიგე კლიშეები). და თუ სააკაშვილი მოასწრებდა ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას, ვინ იცის — იქნებოდა ის დღეს რუსთავის ციხეში, თუ დარჩებოდა საქართველოს პრეზიდენტად და ისტორიაში როგორც „მიხეილ გამაერთიანებელი“ შევიდოდა...
მაგრამ 2011 წელს სააკაშვილი როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის ხელმოცარულ პროვოკატორად, „გამოყენებულ მასალად“ იქცა, ამიტომ არც რუსებს, არც შვეიცარიელებს და არც ამერიკელებს არ სურდათ საქმე დაეჭირათ უპასუხისმგებლო, იმპულსურ ავანტიურისტთან და მისი ხელმოწერით დისკრედიტაცია მოეხდინათ ასეთი სერიოზული რეგიონული პროექტისთვის. ამიტომ 2011 წლის ჟენევის შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ“, რომლის მოსამზადებლადაც ყველა მხარის მიერ დიდი სამუშაო ჩატარდა და რომელსაც არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენი („ტყუილი და სიმართლე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების „მონიტორინგის“ შესახებ“, „საიდან იწყება სამშობლო?“ და სხვ.), უბრალოდ უკეთეს დრომდე გადაიდო.
მიმაჩნია, რომ დღეს დადგა დრო „თაროდან გადმოვიღოთ“ ეს შეთანხმება, რომელსაც აქტუალობა სრულებით არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ გასუმიანოვის ინიციატივა შემოთავაზებულია შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში - საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში. მოდით, განვიხილოთ ეს პროექტი მიუკერძოებლად, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პრაგმატულ ტრადიციებში და დავიწყოთ ბოლოდან — სომხეთიდან, „პუტინის გზის“ საბოლოო დანიშნულების პუნქტიდან.
ყველა გზა საქართველოში მიდის
აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჯერ კიდევ დახურული რეგიონული საზღვრებისა და სატრანსპორტო დერეფნების ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტების, ასევე ირანისკენ მიმავალი გზის რთული მთიანი რელიეფის გამო მოდერნიზაციის ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროცესის პირობებში, სომხეთი კვლავ კრიტიკულად არის დამოკიდებული საქართველოზე — საქართველოს სამხედრო გზასა და მეტეოროლოგიური პირობების გამო პერიოდულად ჩაკეტილ ზემო ლარსზე. ამიტომ ლოგისტიკურ მარწუხებში მოქცეული ერევნისთვის რუსეთთან აფხაზეთის/საქართველოს გავლით გამჭოლი სარკინიგზო კავშირის გახსნა — არა უბრალოდ აღდგენილი ლოგისტიკური მარშრუტი, არამედ ეროვნული გეოეკონომიკური გადარჩენის საკითხია. მარტივად რომ ვთქვათ, „პუტინის გზა“ სომხეთისთვის მასშტაბური ტრანზიტის ერთადერთი სტაბილური ალტერნატივაა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „მეორე ქართული მიმართულება“. „პირველი ქართული მიმართულების“ ალტერნატივა, თუკი ასეთად, „მეორის“ ანალოგიით, საქართველოს სამხედრო გზას და ზემო ლარსს მივიჩნევთ.
ნიშანდობლივია, რომ 15 წლის განმავლობაში — 2018 წლამდე, სანამ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, — ოფიციალური ერევანი, პირდაპირ და შუამავლების მეშვეობით, მუდმივად და უშედეგოდ სთხოვდა თბილისს რკინიგზის გახსნას. მაგრამ შემდეგ თხოვნები შეწყდა, რადგან მიღებულ იქნა ალტერნატიული გადაწყვეტილება: ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულების კონტექსტში, გადაწყდა სომხური ლოგისტიკის დაკავშირება აზერბაიჯანთან და თურქეთთან და მისი ზანგეზურის დერეფნით გადამისამართება (იურისდიქციასთან დაკავშირებული უთანხმოებები ტრამპმა აღმოფხვრა, გამოაცხადა რა მისი ჩანაცვლება „TRIPP“-ით აშშ-ის გარანტიების ქვეშ). შესაბამისად, ფაშინიანს დაევალა სომხეთიდან რუსეთის განდევნა — რუსული სამხედრო ბაზებისა და კომპანიების გაყვანა, ОДКБ-ЕАЭС-თან დეზინტეგრაცია და ევროკავშირსა და აშშ-სთან ინტეგრაცია (TRIPP, data center, მოდულური ატომური ელექტროსადგურები, სტრატეგიული ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება).
თუმცა, ამ სცენარის განხორციელება მუდმივად აწყდება უამრავ დაბრკოლებას, კერძოდ კი - რთულ ინსტიტუციურ კონფლიქტს სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ (ЮКЖД) გარშემო — ეს არის რუსული კომპანია „РЖД“-ს (რუსეთის რკინიგზა) ასპროცენტიანი შვილობილი სტრუქტურა, რომელიც სომხეთის სარკინიგზო ქსელს გრძელვადიანი კონცესიის პირობებით მართავს, და რომლის დათმობასაც რუსეთი არ აპირებს. ფაშინიანის „კომპრომისულ და მეგობრულ“ შეთავაზებაზე — გადაეხედათ კონცესიის ხელშეკრულებისთვის და მიეყიდათ რუსული წილი „მოსკოვისა და ერევნისთვის მეგობრული რომელიმე სახელმწიფოსთვის, მაგალითად, ყაზახეთისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ან კატარისთვის“, ან სომხეთის მიერ მოეხდინათ რკინიგზის ნაციონალიზაცია — რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა უპასუხა, რომ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესიის მესამე მხარისთვის მიყიდვის არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
მარცხით დასრულდა მოსკოვისგან ფულის გამოძალვის მცდელობაც საერთაშორისო არბიტრაჟით შანტაჟის გზით — მოტივით, რომ „სომხეთი მრავალი წლის განმავლობაში არაფერს სთხოვდა რუსეთს ЮКЖД-ს გამოყენებისთვის და საკითხი მეგობრულად უნდა გადაწყდეს“. „РЖД“-ს ხელმძღვანელმა ოლეგ ბელოზიოროვმა გაფანტა სომეხი პრემიერის ილუზიები და უპასუხა, რომ კომპანიის სახსრებიდან და ЮКЖД-ს შემოსავლებიდან ინვესტიციებმა დაახლოებით 396,3 მილიონი დოლარი შეადგინა, და იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს თანამშრომლობის პირობები, რუსულ მხარეს უფლება აქვს მოელოდოს დაბანდებული სახსრების დაბრუნებას. მან შეახსენა, რომ კონცესიამ სომხეთს თანამედროვე რკინიგზა მისცა, რაზეც საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა. არც ერთი დრამი!
აი ასეთი დრამაა, რომელშიც საქართველო ჩარევას არ აპირებს.
საქართველო ბენეფიციარია
სომხეთისგან განსხვავებით, რომლის სარკინიგზო ქსელს ფლობს და მართავს რუსული კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ (ЮКЖД), სს „საქართველოს რკინიგზა“ 100%-ით საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაშია, რომლის ხელისუფლებაც, საგარეო პოლიტიკაში ზემოხსენებული პრაგმატიზმის სტრატეგიის შესაბამისად, არანაირად არ ერევა სომხურ-რუსულ „სარკინიგზო“ კოლიზიაში და იკავებს ერთადერთ სწორ, მაკროეკონომიკურად გათვლილ პოზიციას - დისტანცირებული ბენეფიციარის პოზიციას. მილიარდერ ივანიშვილისა და პრემიერ კობახიძის პრაგმატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინონ საქართველოს უნიკალური გეოგრაფიის მონეტიზაცია ისე, რომ არ ჩაერთონ მეზობლების, ამ შემთხვევაში - რუსეთისა და სომხეთის, კორპორატიულ-პოლიტიკურ დავებში.
დიახ, საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული ხიდი და დანერგოს დალუქული ტრანზიტის მექანიზმი, მოსკოვსა და ერევანს კი უტოვებს უფლებას, თავად გაარკვიონ - ვინ და რა პირობებით მართავს რელსებს საზღვრის მიღმა. თბილისისთვის ფორმულა უკიდურესად პრაგმატულია: სანამ მხარეები — რუსეთი და სომხეთი — ინაწილებენ კონტროლს სომხეთის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ტვირთები ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ამიტომ, უალტერნატივო, სტაბილური და დეპოლიტიზებული სატრანზიტო ჰაბის როლში გამოსვლით, საქართველო მხოლოდ აძლიერებს თავის რეგიონულ წონას და მეზობლების ლოგისტიკური დამოკიდებულების კაპიტალიზაციას ახდენს საკუთარი ეროვნული ინტერესების ზიანის მიყენების გარეშე.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს აზრი ექნება მხოლოდ „პუტინის გზის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში — რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის/საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნისას.
Sealed Transit, GPS და SGS-ის აუთსორსინგი
გადავიდეთ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებსაც უცხოეთის აგენტები, სპეკულირებენ რა საქართველოს მოქალაქეების არაინფორმირებულობით, წარმოაჩენენ როგორც „სამშობლოს ღალატს რუსი ოკუპანტების სასარგებლოდ“. 2011 წლის ჟენევის შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“ არის დღეისათვის ერთადერთი რეალურად არსებული იურიდიული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია „გახსნას“ „აფხაზური სატრანზიტო კვანძი“ ისე, რომ გვერდი აუაროს საქართველოს დარღვეული სუვერენიტეტის/ტერიტორიული მთლიანობის „მწვავე კუთხეებს“.
ამ შეთანხმების არსი მდგომარეობს გეოგრაფიის დეპოლიტიზაციაში, სადაც საზღვრების ნაცვლად კოორდინატებია. განვმარტავ: აფხაზეთის გავლით ტრანზიტის „დაბრკოლების ქვად“ ყოველთვის რჩებოდა საკითხი — სად მდებარეობს საქართველოს საზღვარი: ფსოუზე თუ ენგურზე, შესაბამისად — სად უნდა დადგეს საბაჟო? ამრიგად, 2011 წლის შეთანხმება გვთავაზობს თავისი პრაგმატულობით გენიალურ გამოსავალს: უარის თქმა პოლიტიკურ ტოპონიმებზე ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების (GPS) სასარგებლოდ. ანუ თბილისს არ სჭირდება იურიდიულად აღიაროს მდინარე ფსოუზე არსებული გამშვები პუნქტი სახელმწიფო საზღვრად, სოხუმსა და მოსკოვს კი — მოითმინონ იქ ქართველი მებაჟეების ყოფნა. დოკუმენტებში ფიგურირებს მხოლოდ „სავაჭრო დერეფნები“ (Trade Corridors), რომლებსაც აქვთ შესვლისა და გასვლის კონკრეტული კოორდინატები. ეს ყველა მხარეს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს პოლიტიკური სახე და სტატუს-კვო.
ინერგება Sealed Transit-ის (დალუქული ტრანზიტის) სისტემა. დერეფანში შესვლისას (მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ფსოუზე) სატვირთო მანქანას ან ვაგონს ედება სატელიტთან დაკავშირებული ელექტრონული სანავიგაციო ლუქი. ტვირთი გადის აფხაზეთის ტერიტორიას ადგილობრივი სამსახურების მიერ შემოწმების გარეშე და ლუქი ეხსნება უკვე ენგურს მიღმა. თბილისისთვის ეს ნიშნავს ტრაფიკზე სრულ ციფრულ კონტროლს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ფიზიკური ყოფნის გარეშე. ამრიგად, ტვირთების გავლა გამორიცხავს გადამზიდავის კონტაქტს არაღიარებულ სტრუქტურებთან საქართველოს სამართლებრივ სივრცეში.
საბაჟო მონიტორინგის მთავარ ოპერატორად გვევლინება მესამე, აბსოლუტურად ნეიტრალური მხარე — შვეიცარიული კომპანია Société Générale de Surveillance (SGS). საბაჟო მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიისთვის აუთსორსინგზე გადაცემა პრაგმატიზმის უმაღლესი პილოტაჟია: ტერმინალებზე მომუშავე შვეიცარიელი ინსპექტორები ამოწმებენ ტვირთებს, ასკანირებენ დოკუმენტებს და გადასცემენ მონაცემებს ერთიან ბაზაში (Electronic Data Interchange), რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ქართული, ისე რუსული საბაჟოსთვის. საქართველო იღებს სრულ ინფორმაციას საქონელბრუნვის შესახებ, საბაჟო მოსაკრებლები იხდება გამჭვირვალედ, ამასთანავე, პოლიტიკური სუვერენიტეტი არ ილახება აფხაზ მებაჟეებთან პირდაპირი კონტაქტით.
2011 წლის მექანიზმის ფარგლებში დოკუმენტბრუნვა გადადის ელექტრონულ ფორმატში SGS-ის ტერმინალების მეშვეობით. ეს ხსნის არაღიარებული რესპუბლიკის ბეჭდების პრობლემას. ტვირთი, რომელიც მიდის „პუტინის გზით“ რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის/საქართველოს გავლით, ფორმდება როგორც საერთაშორისო ტრანზიტი, რომელიც გადის საერთაშორისოდ აღიარებული ოპერატორის მეშვეობით.
ამრიგად, „პუტინის გზის“ ინიციატივის ინტეგრაცია თბილისის პრაგმატიზმის სტრატეგიაში არ მოითხოვს საქართველოსგან „წითელი ხაზების“ გადაკვეთას (აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას). ინსტრუმენტარიუმი, როგორც უკვე ითქვა, არსებობს — ეს არის 2011 წლის ჟენევის ფორმატი და შვეიცარიული SGS-ის ჩართვა. გადასვლა პარადიგმიდან „ვისი დროშა კიდია საბაჟოზე“ - პარადიგმაზე „ვისი თრექინგი აკონტროლებს ლუქს“ — ეს არის სწორედ ის პრაგმატიზმი, აყვანილი სტრატეგიის დონეზე, რომელსაც შეუძლია აფხაზეთის გეოპოლიტიკური ჩიხიდან ეკონომიკურ დერეფნად ტრანსფორმირება, რაც თბილისს მოუტანს არა მხოლოდ სატრანზიტო დივიდენდებს, არამედ სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ლოგისტიკური არბიტრის სტატუსს. თუ ამას დავუმატებთ შუა დერეფნის ქვეყნებიდან ევროპაში საქონლის, ენერგომატარებლებისა და ციფრული მონაცემების ტრანსპორტირებისთვის ქართული მარშრუტის უალტერნატივობას, საქართველო ხდება ჰაბი არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებითაც.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 16 აგვისტო
საქართველო, თბილისი