სამართალი
პოლონეთისა და საქართველოს პროფკავშირების სოლიდარობა

1solidarnoscთბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველს პროფკავშირების მხარდასაჭერად დღეს თბილისში პოლონური „სოლიდარნოსტის“ ხელმძღვანელი პიოტრ დუდა ჩამოდის. ის იმ გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც თავის დროზე ლეხ ვალენსამ დააარსა და რომლის აქტიური წევრიც და თავმჯდომარის მოადგილეც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიც იყო. დელეგაციის წევრი ევროპის ეკონომიკურ-სოციალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ანჟეი ადამჩიკიცაა.

როგორც ჟურნალისტებს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, „სოლიდარნოსტის“ ლიდერი საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო ჩამოდის. მისი ვიზიტის მიზანია ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“ გაფიცვისას პროფკავშირების წევრების დარბევისა და დაკავების გამო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, დეტალური ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება და განსაზღვრა, რა შეუძლია გააკეთოს პოლონეთმა საქართველოში დემოკრატიისა და პროფკავშირების გაძლიერებისთვის.

პოლონური პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარნოსტის“ ლიდერები შეხვდებიან დასაქმებულებს, არასამთავრობო სექტორს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლონეთის ელჩს საქართველოში.

29 სექტემბერს, 13 საათზე, დაგეგმილია ირაკლი პეტრიაშვილისა და პიოტრ დუდას ერთობლივი პრესკონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების ოფისში.

მანამდე კი, 29 სექტემბერს, 11 საათზე, პროფკავშირების ორგანიზებით პოლონური დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათგან შექმნილი ვითარების ანალიზს მოისმენენ.