პოლიტიკა
ანქვაბი პოლიტიკის პრიორიტეტებზე

ankvab4თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. 26 სექტემბერს თავის საინაუგურაციო სიტყვაში აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტი დაასახელა.

მისი თქმით, პირველი პრიორიტეტია „რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“ და „ურთიერთპატივსაცემი, თანასწორუფლებიანი რუსულ-აფხაზური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება“; მეორე კი – „დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელება აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების გაფართოების მიზნით“.

თავის გამოსვლაში ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა საშინაო საკითხებზე და განაცხადა, რომ დაბალ შემოსავლებთან ერთად, „მოქალაქეებს არ აკმაყოფილებთ კრიმინოგენური სიტუაცია, მართლმსაჯულება, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანთა რაოდენობის ზრდის კუთხით არსებული სიტუაცია; ასევე, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ვითარება; ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის ხარისხი“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს „თანამოაზრეთა გუნდს“ და რომ მინისტრები „ეფექტური მენეჯერები“ უნდა იყვნენ.

ანქვაბის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „კონსტრუქციულად“ და უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან.