სამართალი
ფოთი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ფოთში დევნილთა ახალ რაიონში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დასაქმებულ სამშენებლო ფირმა „სანის“ მუშებს 4 თვის ხელფასი არ მიუღიათ. უახლოეს პერიოდში დავალიანების მიუღებლობის შემთხვევაში, მუშები საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
„ბავშვები სკოლაში ვერ გავუშვით, წიგნსა და რვეულს აღარ ვამბობ, ფეხსაცმელი ვერ ვუყიდე“, – განაცხადა ერთ-ერთი მუშის მეუღლემ. „სანის“ ფოთის სამშენებლო უბნის წარმომადგენელი შოთა აროშიძე აცხადებს, რომ ფირმა ხელფასების გაცემას 27 სექტემბრიდან დაიწყებს. ის მუშებთან დავალიანების დაგროვებას უარყოფს. მისი თქმით, ხელფასი იმათ არ აუღიათ, ვინც სამუშაო ვერ დაასრულა. მუშები კი ამბობენ, რომ სამუშაოები „სანის“ 18-ვე ობიექტზე აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდა. აროშიძის თქმით, რიგებიც პრობლემას წარმოქმნის. „ყველა ერთ დღეში ვერ დაკმაყოფილდება. მოვლენ და რომელ დღესაც მოუწევთ რიგი, აიღებენ“, – განაცხადა მან. ცნობისთვის: 200-მდე მუშის სახელფასო დავალიანება 80 000 ლარზე მეტს შეადგენს.