პოლიტიკა
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე დეპუტატ პეტრე მამრაძეს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომი „ქართულ პროვოკაციად“ შეაფასა. ბობოხიძემ მამრაძეს „ახვარი“ უწოდა და ხელი დაარტყა.
ბობოხიძის დამშვიდება უმრავლესობის წევრებმა შეძლეს. „არასოდეს ილაპარაკოთ, რომ ეს ომები ქართული მხარის ინსპირირებული იყო“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში კიდევ ერთხელ განაცხადებენ, რომ ომები საქართველოს ინსპირირებული იყო, საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კი საპარლამენტო ოპოზიციას სთხოვა, არ გამოიყენონ მიკროფონები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. „ყველას მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. მაგრამ ისიც მესმის, რომ არსებობს საზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს. ეს არის სახელმწიფო ინტერესების გადალახვა. იმის მოსმენა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ჩამოიშორა მისი ორი სისხლი და ხორცი – აფხაზეთი და სამაჩაბლო, ძალიან მძიმეა, მაგრამ მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. აკრიტიკეთ ხელისუფლება, მაგრამ ნუ ავნებთ ქვეყანას“, – აღნიშნა ბაქრაძემ და ოპოზიციას პირობა მისცა, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლების კრიტიკის გამო მიკროფონს არავის გამოურთავს.