თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, 26 სექტემბერს, მოეწყო კონტრაცეფციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა. ეს დღე გლობალური კამპანიაა, რომლის მთავარი მისიაა – ყველა ორსულობა იყოს სასურველი. ღონისძიება მსოფლიო საზოგადოების მიერ 2007 წლიდან ყოველ 26 სექტემბერს აღინიშნება.
ფოტოგამოფენისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელების შემდეგ ღონისძიებამ გადაინაცვლა უნივერსიტეტის წითელ დარბაზში, სადაც სტუდენტები გაეცნენ მსოფლიო კონტრაცეფციის დღის მნიშვნელობას, ინფორმაციას ახალგაზრდების სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებზე.ღონისძიებას ორგანიზატორობდა საქართველოს არასამთავრობო საგანმანათლებლო ასოციაცია, მომავალ მშობელთა საერთაშორისო ფედერაციის (International Planned Parenthood Federation -IPPF) წევრი საქართველოში „ჰერა XXI“ პარტნიორ ორგანიზაცია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ: „თანადგომა“ და „საქართველოს ბებიაქალების ასოციაცია“.
ასოციაცია „ჰერა XXI“ მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
როგორც ასოციაცია „ჰერა XXI“-ს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო წულეისკირმა საქინფორმს განუცხადა, ასოციაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შიდსის პრევენცია.
„ასოციაციის პრიორიტეტული ღონისძიებები მიმართულია ახალგაზრდების გაძლიერებაზე, რათა მათ თავად მოახდინონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაცია და საერთაშორისო ქსელურ მუშაობაში აქტიური ჩართვა“, – განაცხადა ნინო წულეისკირმა ჩვენთან საუბრისას.
„ამ კამპანიის მიზანია, გაუმჯობესდეს ცნობიერება ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, რათა თითოეულმა ინდივიდმა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება საკუთარ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე“, – აღნიშნა ქალბატონმა ნინომ.