სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ – გარდაბნის“ მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.