არცთუ დიდი ხნის წინათ ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი შენაძენი გააკეთა და თავის რიგებში პორტუგალიური „ბენფიკას“ დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი ბაქარ მირცხულავა დაიმატა, რომელიც ჯერ მოედანზე არ გამოჩენილა, მიზეზი კი თამაშის უფლების უქონლობაა – სატრანსფერო ფურცელი პორტუგალიიდან ჯერ არ ჩამოსულა. საქინფორმის სტუმარია პერსპექტიული ფეხბურთელი ბაქარ მირცხულავა.
– ბევრჯერ მოვისმინე, რომ „ტორპედოში“ გადმოსვლამდე კლუბის წარმომადგენელმა ხელფასი 200 ლარი შემოგთავაზათ და შემდეგ გულშემატკივრებმა გადაგაწყვეტინეს გუნდში მისვლა. მოგვიანებით ითქვა, რომ ეს თანხა ვარჯიშებზე სასიარულოდ გამოგიყვეს. რა მოხდა რეალურად?
– გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე. დამიკავშირდა „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა. შევხვდი, ვისაუბრეთ და პირობებზე შევთანხმდით. ასე რომ, არაფერი ყოფილა მსგავსი.
– „ტორპედოს“ შენი გადმოყვანის სანაცვლოდ 90 ათასი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ, როგორც ვიცი, 1 თეთრიც არ გაუღია კლუბს ტრანსფერში...
– ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. გუნდის უფროსობას ჰკითხეთ და გეტყვიან. ფინანსურ საკითხებში არ ვერევი, თუ რამდენი გადაიხადა გუნდმა. მე მევალება, ვივარჯიშო, ფორმაში ვიყო და ფეხბურთი ვითამაშო.
– „ბენფიკაში“ რატომ არ დარჩი, ეს გუნდმა აღარ ისურვა თუ შენ?
– კონტრაქტი „ბენფიკასთან“ 30 ივნისს დამიმთავრდა. 7 მაისს მქონდა ჩემპიონატის ბოლო ტური და წამოვედი გუნდიდან. შემეძლო დარჩენა, მპირდებოდნენ, რომ სხვა ქვეყანაში უკეთესი პირობები მექნებოდა... იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ არცერთი გამოვიდა.
– რა ვარიანტები იყო?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იყო რუსეთი, უკრაინა და ევროპაც...
– საქართველოში დაბრუნება რამ გადაგაწყვეტინა? და ეს მაშინ, როდესაც თქვენი ასაკის ფეხბურთელებს თვალი ევროპაზე უჭირავთ...
– არც მე ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩამოსვლამ მომიწია. მადლობას ვუხდი „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას გუნდში თამაშის შემთავაზებისთვის. მეც დავთანხმდი. სწორედ „ტორპედოდან“ წავედი „ბენფიკაში“. აქ პირველ გუნდში მაშინ ვითამაშე, როდესაც პირველ ლიგაში იყო და არაა უცხო ჩემთვის აქ თამაში. ჯერ „ტორპედოს“ დავეხმარები. ასაკი არ მაქვს ისეთი, რომ ევროპაში ვეღარ წავიდე. მოვა დრო და მომავალში იქაც ვითამაშებ.
– როგორც ვიცი, „დინამოსაც“ სურდა თქვენი გადაბირება...
– იყო შემოთავაზება, მაგრამ ახლა „ტორპედოში“ ვარ. ჩემი ქალაქის გუნდია, აქ გავიზარდე. თუ ვითამაშებდი საქართველოში, მხოლოდ – ქუთაისის „ტორპედოში“.
– დებიუტი როდის გექნებათ?
– ჯერ თამაშის უფლებას ველოდები. დოკუმენტი არ ჩამოსულა პორტუგალიიდან. მითხრეს, რომ ერთ კვირაში უკვე მოგვარდება ყველაფერი და მომცემენ თამაშის უფლებას. 3 თვე გამიცდა. ეს ერთი თვეა, რაც დავიწყე ვარჯიში. ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს. მწვრთნელი გადაწყვეტს, როდის მათამაშოს.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითამაშო და დავეხმარო ქუთაისის „ტორპედოს“. აქ სწორედ ამისთვის ვარ.
ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“