სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ რამიშვილის დაკავებას სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებს

11ramiSviliთბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ატყობინებს საქინფორმს, 25 სექტემბერს, გადაცემის – „აკრედიტაციის გარეშე“ – გადაღებისას, ყვარელში პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციის მიერ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაკავება ორგანიზაციამ შეაფასა როგორც თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა და პოლიტიკური რეპრესია.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, დაკავებულს ჩამოერთვა აპარატურა და გადაღებული მასალა, რომელიც ჟურნალისტს გათავისუფლების შემდეგაც არ დაბრუნებია.

პარტია „თავისუფალ საქართველოს“  მიაჩნია, რომ სამხარეო პოლიციის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და კვალიფიცირდება როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

„თავისუფალი მედიის მიუკერძოელბელ ჟურნალისტებზე ზეწოლა არსებული ხელისუფლების პირობებში ჩვეულ მოვლენად იქცა. ეს ფაქტი მით უფრო შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, ხოლო მედიის ტერორის პარალელურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია. პარტია მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს, მოახდინონ რეაგირება აღნიშნულზე. ჩვენ, აგრეთვე, მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია მომხდარზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.