თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ავაზას“ სტადიონზე ვარჯიშობდა. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, ამ მოედნით კლუბის დუბლშემადგენლობაც სარგებლობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ვიტ ჯორჯიას“ სტადიონით სარგებლობის თანხა დაუგროვდა.
მოედანს სარეკლამო კომპანია „ველაჯიო“ პატრონობდა, რომელიც კომპანია „ვისოლის“ ბიზნესჯგუფში შედის, შესაბამისად, პრეტენზიები სწორედ „ველაჯიოს“ ჰქონდა „ვეტერინართა“ მიმართ.
საქინფორმის ინფორმაციით, „ველაჯიომ“ კლუბის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა სასამართლოში. ზუსტად რა თანხაზეა საუბარი, ამის გასარკვევად საქინფორმის კორესპონდენტი კომპანიის ხელმძღვანელ ლევან კალმახელიძეს დაუკავშირდა.როგორც კალმახელიძე ამბობს, მისთვის უცნობია, სასამართლოთი ირკვეოდა თუ არა გუნდსა და კომპანიას შორის საქმე, მაგრამ შეთანხმება უკვე შედგა.
– თქვენ ვინ მოგაწოდათ ამის შესახებ ინფორმაცია? არ მგონია, საჯარო განხილვად ღირდეს. რაღაც ნაწილი გადაიხადა კლუბმა, „ავაზაზე“ დიდხანს ვარჯიშობდნენ და კიდევ დარჩათ გადასახდელი.
– რა თანხაზეა საუბარი?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეგ საქმე უკვე დაიხურა და კლუბისგან მიიღეთ ინფორმაცია.
საქინფორმი „ვიტ ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა, კლუბის მედიაოფიცერმა დავით თავართქილაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და გვირჩია, ფინანსური დირექტორისთვის მიგვემართა.
„ვეტერინართა“ ფინანსური დირექტორის – დავით სამუშიას, განცხადებით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სტადიონის ქირის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი იყო, ამ საქმეს კი გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ზურაბ ბერიძე უძღვებოდა.
„ერთ ვარჯიშში 200 ლარს ან ცოტა ნაკლებს ვიხდიდით დღიურად. ჩვენი დუბლშემადგენლობაც მანდ ვარჯიშობდა, ამიტომ სადღაც ერთი თვის იქნება გადასახდელი, ალბათ, ზუსტად არც ვიცი. თუმცა, კლუბსა და „ველაჯიოს“ შორის უკვე მოგვარდა ეს საკითხი. ზურას დაუკავშირდით მაინც“.
კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ კი საერთოდ უარყო, რომ „ვიტ ჯორჯიას“ რაიმე თანხა აქვს გადასახდელი სარეკლამო კომპანიის მიმართ: „გეუბნებით და ვაცხადებ, რომ „ვიტ ჯორჯიას“ არავისთან არაფერი აქვს გადასახდელი და არც ვალი გვაქვს ვინმესი“.
საინტერესო კი ისაა, რომ, სარეკლამო კომპანიის მტკიცებით, „ვიტ ჯორჯიას“ მათდამი კიდევ აქვთ დავალიანება დარჩენილი, კლუბში კი ამას უარჰყოფენ. არადა, ამ ამბის დამალვას ორივე მხარე საგულდაგულოდ ცდილობდა.