აქტუალური
ომბუდსმენი ქუთაისის ციხის შესახებ

ombudsmanთბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა  მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მიმართა, გამოიძიოს ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქუთაისის №2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (100-მდე პატიმარი), რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით, 21:00 საათზე, №2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან (ძირითადად, C და D კორპუსში განთავსებული პატიმრები), მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს უკანვე, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში.

ოთხმა მსჯავრდებულმა ზემოაღნიშნული ფაქტი წერილობითაც დაადასტურა.

სახალხო დამცველი ოფისის ინფორმაციით, ქუთაისის №2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით, 600 პატიმარი), რაც ომბუდსმენისთვის „განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკანში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის №2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემას, რა მოსაზრებაც, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ არანაირი ზომა არ იქნა გატარებული არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის და დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯისთვის“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.