თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, ახალგაზრდული ორგანიზაციები – „თეთრები“, „ივერიელები“ და „ქართველი ემიგრანტები“, ერთიანდებიან და მჭიდრო თანამშრომლობას აპირებენ ახალი კოალიციის ფარგლებში. მათ მიერ სექტემბერში გამოცხადებული აქციები ოქტომბრიდან განახლდება.
ამის შესახებ ორგანიზაციების ლიდერებმა „თეთრების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველოსა და ევროპის 6 ქვეყანაში დაგეგმილი – „არა – დიქტატურას!“ სრული მასშტაბით ვერ ჩატარდა „ქართველი ემიგრანტების“ ლიდერ ზვიად ყუშიტაშვილის სამართალდამცავების მიერ გატაცების გამო.
„ჩვენ ვირჩევთ იმ ძირითად თემებს, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ და ეს, უპირველეს ყოვლის,ა არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც ყოველწამიერად ილახება ჩვენს ქვეყანაში. ამის ნათელი მაგალითია ზვიად ყუშიტაშვილის გატაცება“, – აღნიშნა „თეთრების“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიორგი ფარესიშვილმა.
თავის მხრივ, ზვიად ყუშიტაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილს, რომელმაც იგი მიიღო და დახმარება აღუთქვა.