სამართალი
დაკავებული მეტალურგების მხარდამჭერი აქცია

aqcia-metalurgebisქუთაისი. 26 სექტემბერი. საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ დაკავებული მუშების – მალხაზ გოგიავას, ემილო გუმბერიძისა და ირაკლი იობიძის, მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს როგორც თბილისში, ისე იმერეთში, აჭარასა და გურიაში მოქმედი ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორისაა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა დაცვა“, „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „საზოგადოება საჩინო“, „მრავალეროვანი საქართველო“, „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „აჭარის ექსპერტთა კავშირი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.

 

შეგახსენებთ, რომ შპს „ევრაზიან სთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ 100-მდე მუშა-მოსამსახურე შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით 13 სექტემბერს გაიფიცა. მათ შორის, ოთხმა შიმშილობაც გამოაცხადა. თუმცა, 15 სექტემბერს პოლიციამ აქცია დაშალა და 40-მდე გაფიცული დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, პოლიციაში დაკავებულებს დააწერინეს ხელწერილი, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციამ „ჰერკულესის“ სამი თანამშრომელი დააკავა. მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.