„ტანგოს ორი სჭირდება“, — წყენით აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში, გულისხმობენ რა ევროკავშირისა და ბრიტანეთის სურვილის არქონას, მათთან საქმე დაიჭირონ. მათი წყენის მიზეზი სავსებით გასაგებია: ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან 2022 წლამდე, „ქართული ოცნება“ აგრძელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო პოლიტიკას და არწმუნებდა ქართველ ხალხს, რომ „მზე დასავლეთიდან ამოდის“, რომ ქართველი ევროპელია ადამისა და ევას დროიდან, ხოლო ევროპა და აშშ — ეტალონი და გზამკვლევი ვარსკვლავია. მაგრამ მადლიერების მაგივრად სანქციების ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც დაიწყო „ევროპული ბიუროკრატიისა“ და „Deep state“-ის (ასე უწოდებენ ქვეყნის მბრძნებლები ბაიდენის ადმინისტრაციას) ორმაგი სტანდარტების ლუსტრაცია.
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უცერემონიო ჩარევა თავად „ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიწვია, როდესაც კონსტიტუციაში დაამატა 78-ე მუხლი უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოველმხრივი და საყოველთაო ხელშეწყობის შესახებ. მაშინ „ოცნებაში“ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დემოკრატია დასავლეთში ყველასთვის ექსკლუზიურია, როგორც ინდშეკერვის ტანსაცმელი... მაგრამ ბრიუსელის გასაკვირად „პაციენტი უფრო ცოცხალი აღმოჩნდა, ვიდრე მკვდარი“ - საქართველო უცებ ფეხზე წამოდგა და განაცხადა, რომ ასეთ დემოკრატიაზე არ ოცნებობდა! ეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელიც არა მხოლოდ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, არამედ სახელმწიფოს ბურჯიცაა.
ამით „კაბესეო“ — ტანგოზე ტრადიციული უსიტყვო მოწვევა — დასრულებულია და უშუალოდ „ცეკვაზე“ გადავიდეთ.
„რუსეთი, საქართველო და ოქრო“
„ღმერთი, დიდება და ოქრო“ — XV-XVI საუკუნეების ესპანელი და პორტუგალიელი კონკისტადორების დევიზია, რომლებმაც ახალი სამყაროს მიწები დაიპყრეს. კოლონიზატორების უპირატესობა იყო 1 - იმ დროისთვის მოწინავე შეიარაღება (ფოლადის აბჯარი, ცეცხლსასროლი იარაღი), რომელიც მიუწვდომელი იყო აცტეკებისა და ინკების ცივილიზაციებისთვის; 2 - იმპერიების ჩაგვრით უკმაყოფილო ადგილობრივი ტომების თავიანთ მხარეზე გადმობირება.
ევროპის ამჟამინდელი ხელმძღვანელები ძალიან ჰგვანან თავიანთ წინაპრებს — ესპანელ, პორტუგალიელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლონიზატორებს, როცა 1 - უკრაინელებისთვის ხელში ჩადებული მოწინავე შეიარაღების (დრონები, რაკეტები) დახმარებით, ცდილობენ რუსეთის და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, კერძოდ - საქართველოს, კოლონიზაციას (იგივეს გაკეთებას ცდილობდნენ ევროპელები ნაპოლეონი და ჰიტლერი, მაგრამ მიზანთან ყველაზე ახლოს ევროპელი კოლონიზატორები 90-იან წლებში იყვნენ, როდესაც საბჭოთა კავშირის ლიკვიდაცია მოახერხეს); 2 - იყენებენ „იმპერიის ჩაგვრით უკმაყოფილო ადგილობრივ ტომებს“ — მრავალრიცხოვან უცხოელ აგენტებს რუსეთის ფედერაციასა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, კერძოდ - საქართველოში, რომლებსაც სწყურიათ რუსეთზე შურისძიება 69-წლიანი მორჩილებისთვის, თუნდაც ეს ადგილობრივი ხელისუფლების სუვერენიტეტის დაკნინების ფასად დაუჯდეთ.
ამრიგად, ევროკავშირი და ნატო ფართოვდება აღმოსავლეთით კონკისტადორების დროინდელი ესპანეთის იმპერიის დევიზით „Plus ultra“, რაც ლათინურიდან თარგმანში „საზღვრებს მიღმა“ ნიშნავს. თანამედროვე ევროპელი კონკისტადორების დევიზი კი, პრიორიტეტების ნაწილობრივი ცვლილების გამო, შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც „რუსეთი, საქართველო და ოქრო“, რომელშიც „ოქრო“ — არა მხოლოდ ყვითელი მეტალი, არამედ „შავი ოქროც“ — ნავთობი, რუსეთის სიმდიდრე, ასევე „თეთრი ოქრო“ — მტკნარი წყალია, რითაც ასე მდიდარია საქართველო.
„დათვური სამსახური“
დათვები ცირკში ტანგოს კი არა, „კალინკას“ ცეკვავენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო, როგორც ევროკავშირის მხრიდან ობსტრუქციის ობიექტი, რუსეთის ფედერაციის შემდეგ მსოფლიოში მე-2 ადგილზე გავიდა. თავად განსაჯეთ: სამი ევროპული რეზოლუცია საქართველოში „დემოკრატიის, არჩევნებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ“ (ევროპარლამენტის 17 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 ივნისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 6 ივლისს), რომლებიც ასლივითაა შედგენილი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის - სააკაშვილის ყოფილი მმართველი, ამჟამად კი რადიკალ - ოპოზიციური პარტიის ლობისტის მიერ; და როგორც გვირგვინი — ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადება: „ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი“.
„რუსეთი არ ცნობს საქართველოს ხელისუფლების სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის 20%-ზე, ევროკავშირი კი — მისი ტერიტორიის 100%-ზე“, — განაცხადა საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს მთავრობის ოსტრაკიზმის ნამდვილი მიზეზი სულაც არ არის ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებაზე უარის თქმა, არამედ: 1 - უარი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე; 2 - უარი ანტირუსულ სანქციებთან მიერთებაზე; 3 - უარი „დეივანიშვილიზაციის“ ჩატარებაზე — ანუ ნებაყოფლობით გადასცეს ძალაუფლება კოალიციურ მთავრობას - ზემოხსენებულ კოლაბორაციონისტთა „ადგილობრივ ტომებს“, რომლებიც ხელს მოაწერენ ევროსტრუქტურების ზემოაღნიშნულ სამ რეზოლუციაში გადმოცემულ ყველა მოთხოვნას.
„საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლებიც მოსკოვის ინტერესებს ატარებენ!“ — უსაფუძვლოდ აცხადებენ „ევროპული ბიუროკრატია“ და ამერიკული „Deep state“ - „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ სენატორები, რომლებმაც შექმნეს ანტიქართული „Megobari Act“, და მათ კვერს უკრავს ქართული ოპოზიცია. იმისათვის, რომ მსგავს ინსინუაციებს საბაბი არ მისცეს (მათ შორის), საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დიდი ხანია შეეძლო რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება; ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ მისთვის არცთუ უცხო მოსკოვში, არც ერთ ნაბიჯს არ დგამს დიდი ჩრდილოელი მეზობლის მიმართულებით და უარიც კი თქვა საქართველოს მონაწილეობაზე პლატფორმა „3+3“-ში რუსეთის მონაწილეობით (მხოლოდ ექსპერტების დონეზე). „ტანგოს კი ორი სჭირდება“... აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ VI შუშის მედიაფორუმზე ახსენა „კავკასიური პლატფორმა“, როგორც ხუთი სახელმწიფოს - სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის - თანამშრომლობის ფორმატი, და აღნიშნა, რომ საქართველომ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამავდროულად, სტალინის ინიციატივით მოსკოვში აშენებული ერთ-ერთი უნიკალური მაღალსართულიანი შენობიდან პერიოდულად გაჟღერებულ ქება-დიდებას „საქართველოს სუვერენული ხელისუფლების“ მისამართით, „რომლის გადაყენებაც სურს კოლექტიურ დასავლეთს იმის გამო, რომ ის დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას ატარებს“, სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა „დათვურ სამსახურს“. შედეგად, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ ეროვნულ ინტერესებს საკუთარი ინიციატივით და არა კრემლის მითითებით, ან კოლექტიური დასავლეთის ჯიბრზე, ქართველ პარლამენტარებს, მინისტრებსა და დიპლომატებს უწევთ სხვადასხვა ღონისძიებას მიმართონ — საერთაშორისო პლატფორმებზე გააკეთონ განცხადებები „რუსული ოკუპაციის“ შესახებ და გაუთიშონ ეთერი რუსულ ტელეარხებს, რათა საქართველოში არ გაიგონ რუსეთიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შექება. მაგრამ ქართული ოპოზიციური ტელეარხები მათ ინტერნეტში მაინც პოულობენ და ტირაჟირებენ — აქაოდა, მოსკოვი განზრახ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და მას დღეს სუვერენულს უწოდებს, რათა ქართველები შეეგუონ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო — საქართველო არ არის!
ნუთუ არ შეიძლება „კოლექტიური დასავლეთის“ სამხილებლად უკეთესი მაგალითის მოძებნა, ვიდრე საქართველოსადმი მისი უსამართლო დამოკიდებულებაა, რაც ევროკავშირსა და ნატოში ამ უკანასკნელის მიღების სურვილის არქონითაა განპირობებული? ცნობილი მიზეზების გამო, რუსეთი საქართველოსთვის ვერ იქნება ადვოკატი და თავდები ზემოხსენებულ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად. ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხელშეწყობას - დიახ, რუსეთის გარდა ვერავინ შეძლებს, მაგრამ „ტანგოს ორი სჭირდება“, და არა სიტყვები...
უადგილო ქება გაკიცხვაზე არანაკლებ საზიანოა, სწორედ ასეთ სტილში მოიქცა სააკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ. მაშინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სთხოვა ვლადიმერ პუტინს, ქართული მხარისთვის დაებრუნებინა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ახალგორის (ლენინგორის) რაიონი, და რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა. მაგრამ პატრიარქის თბილისში დაბრუნებისთანავე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქედმაღლურად შეაქო პუტინი და საჯაროდ განაცხადა, რომ ილია მეორე მის, მიხეილ სააკაშვილის, პირად დავალებას ასრულებდა! გამოდიოდა, რომ პუტინი სააკაშვილის მითითებით მოქმედებდა. შედეგად, რუსული ჯარები მყისიერად დაბრუნდნენ უკან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველაზე აღმოსავლეთ რაიონის გარე პერიმეტრზე საზღვარი გაავლეს.
არანაკლები ოსტატობით გამოიყენეს უცხოელი აგენტების „ადგილობრივმა ტომებმა“ „ოქროსგუმბათოვანი“ განცხადებები, რომლებიც შეიცავდნენ ისედაც საყოველთაოდ ცნობილ ნარატივს საქართველოს რუსეთთან „განუყოფელი კავშირისა“ და ამ უკანასკნელზე „სასიცოცხლო დამოკიდებულების“ შესახებ. ესენია: მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის, კულტურათა ურთიერთშერწყმის, დიდ სამამულო ომში ერთიანობით მიღწეული დიადი გამარჯვების, რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ღვინის ექსპორტისა და საქართველოში რუსული ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის იმპორტის თემები.
არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ჩვენთან მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებსაც არ მოსწონთ, როცა ლუკმაპურს აყვედრიან. შედეგად, საქართველოში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – კომპანია Black Sea Petroleum-ი, რომელიც შავ ზღვაზე SOCAR-ის ყულევის ნავთობტერმინალის გვერდით მდებარეობს, 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად წყვეტს რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას და ალტერნატიულ ნედლეულზე გადადის; ხოლო როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორმა, რუსეთმა პირველობა თურქეთს დაუთმო. რუსეთს „კეფაში სუნთქავენ“ ჩინეთი და აშშ, აგრეთვე აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები – ენერგომატარებლებისა და ხორბლის მიმწოდებლები.
სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ ღვთისგან ბოძებული დიპლომატები, რომ დუმილი ოქროა, რადგან „ტანგოს ორი სჭირდება“, და არა სიტყვები... საჭირო სიტყვებს საჭირო დროს საჭირო ადამიანები გამონახავენ, შესაძლოა უკვე პოულობენ კიდეც, ამიტომ ზეწოლა და ხელის შეშლა საჭირო არ არის.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
17 ივლისი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი