აქტუალური
ებრაელ ბიზნესმენებს ციხის ადმინისტრაცია სასტიკად ეპყრობა

asapatimroთბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი ადმინისტრაციები გუანტანამოს ციხეს რეიტინგით, ალბათ, მალე გაუსწრებენ. რამდენიმე დღეა, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან გამუდმებით მიდის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს ციხეში სასტიკად ეპყრობიან, თუმცა, „ყურსაც კი არავინ იბერტყავს“.

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მდგომარეობაზე დღეს საპარლამენტო ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“– წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც ისაუბრა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას ოფიციალური წერილითაც მიმართა, რომელშიც დაკავებული რონი ფუქსის ნახვას ითხოვს.

 

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რონი ფუქსის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა ქსნის №15 დაწესებულებიდან გამოიტანა რონი ფუქსის დეტალური ჩანაწერები ინგლისურ ენაზე, რომელშიც ფუქსი მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. კერძოდ, ფუქსი ჰყვება, რომ 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით მასთან ყოველღამე შედიოდნენ შავ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პირები და ჩხრეკის ჩატარების მოტივით ფუქსს პირით კედლისკენ აყენებდნენ, აგინებდნენ, საწოლზე უსხამდნენ წყალს, ემუქრებოდნენ სასჯელის ვადის გაზრდით და მისგან დიდი რაოდენობის კოკაინის ამოღებით.

„ფუქსს კბილის აუტანელი ტკივილიც აწუხებს, თუმცა მასთან სტომატოლოგი არ შეჰყავთ და, იმავე დროს, უზღუდავენ გასეირნებისა და სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებას. მსჯავრდებულის მონახულება და მისგან ობიექტური ინფორმაციის მიღება აუცილებელია“, – დასძინა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. რონი ფუქსს – 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბიზნესმენებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ საქართველოში საქართველოს საგარეო, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს უკვე მიმართა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის დასრულების შემდეგ ისრაელის ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.