საზოგადოება
აქცია და დაპირისპირება კულტურის სამინისტროსთან

aqciazeeთბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. რეჟისორმა ზაზა სვანაძემ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ კულტურის სამინისტროსთან თბილისის ბარ-რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვის ფაქტი გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზად დაწესებულებების ადმინისტრაციები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას ასახელებენ. სამინისტროში აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე რესტორანში გადაღებული ფარული ჩანაწერის ამსახველი დისკი დატოვეს, სადაც მუსიკოსები რუსული სიმღერის შესრულებაზე უარს აცხადებენ.

ზაზა სვანაძის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, რომელმაც რეჟისორი რობერტ სტურუა ქსენოფობიური განცხადებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა, თავად იმავეს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული ცალსახად არის ქსენოფობიის გამოვლინება და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„თბილისის მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად რუსი ან რუსულ ენაზე მოლაპარაკეა და მათ უფლება აქვთ, მშობლიურ ენაზე მოისმინონ და მიიღონ კულტურული პროდუქტი. მივიჩნევთ, რომ ყოვლად გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის აკრძალვების დაწესება მუსიკის შემსრულებლებისათვის და განსაზღვრა იმისა, თუ რა სახის პროდუქცია უნდა შესთავაზონ მათ მსენელს“, – განაცხადა სვანაძემ.

თენგიზ ომანიძემ კი მოითხოვა, კულტურის სამინისტრო და პირადად მინისტრი დაინტერესდეს აღნიშული საკითხით და აღკვეთოს ქსენოფობიური გამოვლინებები მისი უწყების მოხელეთა მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროსთან აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს მცირე ინციდენტი მოხდა – ერთ-ერთმა გამვლელმა(?) რეჟისორ ზაზა სვანაძეს რუსეთის აგენტი უწოდა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.