პოლიტიკა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება

evro-saqqთბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. „მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი და საქართველო „ძალიან მალე“ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საჭიროა ამ მოლაპარაკებების დასაწყებად“, –  განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 სექტემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის თბილისში გამართული სხდომის შემდეგ.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან კარგ პროგრესს იმ დარჩენილი ბოლო ნაბიჯების გამოკვეთის საქმეში იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების მალე დაიწყება“, – განაცხადა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდმა.

„მე არ შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული თარიღი, მაგრამ ეს არის ძალიან, ძალიან მალე. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ ეს მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დავიწყოთ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დარჩენილი ნაბიჯი, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილეთ, გადაიდგმება. დარწმუნებული ვარ, ეს აისახება მომავალ კვირას დაგეგმილი სამიტის შედეგზე“, – განაცხადა მან.

მას მხედველობაში ჰქონდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის სამიტი, რომელიც ვარშავაში 29-30 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა ამასწინათ განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო „სერიოზულ გარღვევას“ ელის ამ შემოდგომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დონალდ ტუსკმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც „ამოკლებს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყნებმა უნდა გაიარონ ევროკავშირში შესასვლელად“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა გასულ კვირას თბილისში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა მიიღოს არა „ცარიელი განცხადება“, არამედ „ძალიან კონკრეტული დეკლარაცია“ და დასძინა, რომ ლიტვა „მეგობრებთან“ ერთად „ძალიან ბევრს მუშაობს, რათა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ქვეყანაზე არსებითი დეკლარაციის მისაღებად“.

გუნარ ვიგანდმა, რომელიც ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, ასევე განაცხადა 22 სექტემბერს, რომ თუ ნახევარი წლის წინ ამოქმედებული სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ცხოვრებაში გატარება „შეუფერხებლად გაგრძელდება“, მაშინ  ევროკავშირს ასევე შეეძლება დაიწყოს დიალოგი სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე; მისი თქმით, ეს პოზიცია ასევე გამოითქმება მომავალ კვირას დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირმა 2008 წელს ჩამოაყალიბა აღმოსავლელ მეზობლებთან –  საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

ვიგანდის განცხადებით, მოახლოებული სამიტი ხაზს გაუსვამს ე.წ. „მეტი მეტისთვის მიდგომას“.

„სამიტი ხაზს გაუსვამს, რომ მეტი შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც მეტს აკეთებს რეფორმების კუთხით და რომ ჩვენ მეტი დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ მათ შორის, ვინც ახორციელებს მეტ რეფორმას და მათში ვინც ნაკლებს ან საერთოდ არ ატარებს რეფორმებს“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებს შორის ასევე უნდა მოხდეს იმის გარჩევა, თუ ვის რა საჭიროებები და მისწრაფებები გააჩნია.