სამართალი
ზუგდიდში დევნილმა თავის დაწვა სცადა

devniliზუგდიდი. 23 სექტემბერი. საქინფორმი. აფხაზეთიდან დევნილმა როინ მატკავამ თავის დაწვა სცადა. მან პროტესტის ნიშნად სხეულზე ბენზინი გადაისხა და ასანთის მოკიდებას ცდილობდა. დევნილი თავის დაწვას მეზობლებმა და ახლობლებმა გადაარჩინეს. როინ მატკავა დანარჩენ 24 ოჯახთან ერთად დევნილთა სამმართველოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში გრენქარხნის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები ფოთის ახალ რაიონში 2012 წლამდე არ უნდა გადაეყვანათ. დევნილთა სამმართველომ ამ დასახლებიდან 16 ოჯახი ფოთში უკვე გადაიყვანა, დანარჩენებსაც შეჰპირდნენ, მაგრამ მოგვიანებით უთხრეს, რომ ადგილი მხოლოდ ოთხი ოჯახისთვისღა იყო.

ყოფილი გრენქარხანის შენობაში დევნილები უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ზამთრის გადატანას ამ პირობებში ვერ შეძლებენ. მომხდარის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა დევნილთა სამმართველოს წარმომადგენელი.

კობა სუბელიანის უწყებისთვის მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის – შეგახსენებთ, რომ 2010 წელს 27 ოქტომბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში დევნილმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. იგი უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ცენტრში მოთავსებიდან 23-ე დღეს გარდაიცვალა. ნანა ფიფიას თბილისიდან ფოცხოეწერში გადასვლა გაუსაძლისი პირობების გამო არ სურდა. როდესაც მან მინისტრის მოადგილეს ჰკითხა – რა უნდა ეჭამა ფოცხოში, პასუხად მიიღო – ბალახი! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ფიფიამ თავის დაწვა.