აქტუალური
„Facebook“-ით „მრისხანების დღე“ იგეგმება

mrisxanebaთბილისი. 23 სექტემბერი. საქინფორმი. სოციალურ ქსელ „facebook“-ზე სპეციალური გვერდი შეიქმნა, რომელსაც „მრისხანების დღე“ ჰქვია. გვერდზე უკვე გაჩნდა მოწოდებები – ორგანიზატორები ამ გვერდის საშუალებით მიმდინარე წლის 7 ნოემბერს აქციის გამართვას აპირებენ.

„Faebook“-ის აღნიშნულ გვერდზე გაწევრების მსურველთა რაოდენობა იზრდება. გვერდზე, ძირითადად, ახალგაზრდები აქტიურობენ. მისმა წევრებმა მრისხანების დღის ლოგოდ მუშტი აირჩიეს. „Facebook“-ის მოძრაობას გუშინ შეუერთდა ნინო ბურჯანაძე, თუმცა მოგვიანებით გვერდი დატოვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ტექსტი კი ასეთია: „მეგობრებო, 2011 წლის 7 ნოემბრამდე არც თუ დიდი დრო დარჩა. გთხოვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აქციის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობაში. აგრეთვე, გთხოვთ ოპოზიციურად განწყობილი მეგობრები დაამატოთ ჯგუფს და ვისაც შეგიძლიათ, პასუხისმგებლობა აიღოთ აქციის ორგანიზებაზე იმ ქალაქში – დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ამჟამად იმყოფებით“.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტისა და ლიბიის რევოლუციების ორგანიზება სწორედ სოციალური ქსელების „facebook“-ისა და „Tweet“-ის საშუალებით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გამოხმაურება მოჰყვება მსგავს პროპაგანდას საქართველოს შემთხვევაში, თუმცა, ის ნამდვილად ჰგავს ეგვიპტისა და ლიბიის მაგალითებს.