თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ალექსანდრე კედელაშვილი საქინფორმს ატყობინებს, 22 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) ერთად, კონფლიქტის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის აწყობს მრგვალ მაგიდას – მედია და კონფლიქტი.
შეხვედრის მიზანია, მასმედიის წარმომადგენელთათვის კონფლიქტის გაშუქებისა და ამ მხრივ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგროვილი გამოცდილების უკეთ გაცნობა.შეხვედრაზე გაიმართება სტუდია „რეს“ მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმის – „აგვისტოს ომის განაჩენი“ – ჩვენება და დისკუსია. ფილმი შედგება ხელისუფალთა, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებისგან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ქართულ, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს.
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენელთა წინაშე წარდგებიან: კინოდოკუმენტალისტი, სტუდია „რეს“ ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი თეა თოფურია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი, მოდერატორი შორენა ლათათია.
მრგვალი მაგიდის ფინანსური მხარდამჭერია ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში“.