საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს სატრანზიტო როლი და გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის იმ ნაწილის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას, ასევე მიმდინარეობს ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
„საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად ეკონომიკურ ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველოს სტაბილურობა და სატრანზიტო პოტენციალი კი ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა საკითხს განსაზღვრავს. თუ ევროპული ქვეყნები ჩვენს ეკონომიკურ ცენტრსა და საქართველოზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებში სარგებელს დაინახავენ, ისინი ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ომში ჩართული ქვეყანა არავის დასჭირდებოდა.
„ჩვენ ამას ვამბობდით - ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა. დასვამდნენ თავიანთ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მიიღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.