პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: წრის კვადრატურა, ანუ ქართველოფობიის მიზეზები ევროპაში

   აშშ – ნატო – ევროკავშირი – და ისევ აშშ: საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრაექტორია საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ წრეზე მიემართება, რომელშიც პრიორიტეტები - ექსკლუზიურად დასავლური - რიგრიგობით იცვლება. 2022 წლის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სცდება წრეს და ფართოვდება აღმოსავლური კვადრატის ფარგლებში, რომლის კუთხეებშიც არიან ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

   აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ - აღმოსავლურ ვექტორს, მიუხედავად რუსული კომპონენტის არარსებობისა, ევროპაში იდენტიფიცირდება როგორც პოტენციურად საშიში, რომელიც კოლიზიაში შედის ევროპულ ინტერესებთან შავიზღვისპირეთის რეგიონში, კერძოდ - სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ განა რეგიონული უსაფრთხოების შავი ზღვის კონცეფციამ არ დაკარგა თავისი აქტუალობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ? ან განა ევროკავშირმა საკუთარი ხელით არ შეაჩერა აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განუსაზღვრელი დროით შეაჩერა? თუ არც ერთი და არც მეორე, მაშინ რა აწუხებს ბრიუსელს დღეს ასე ძალიან?

   საქმე ისაა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ლოგიკა - ინსაიდერულია, მას აქვს თავისი, გაუხმაურებელი ევროპული სიმართლე, რომელიც მოცემულობად „უნდა“ მივიღოთ. საქართველოსთან დაკავშირებული კაზუსი - ერთადერთი როდია, მაგალითად, ევროკავშირის ლიდერები „ძალაგამოცლილი“ რუსეთის მალე დამარცხებას წინასწარმეტყველებენ და იმავდროულად მის წინააღმდეგ ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდებენ - აქაოდა, რუსეთი უკრაინის განადგურებით არ დაკმაყოფილდება და ევროპას დაარტყავს. ევროპული ფასეულობების დევალვაცია ამჟამინდელ ევრობიუროკრატიას არ აწუხებს, ორმაგი სტანდარტები აუცილებელია ევროპული სამეულის ჭეშმარიტი მიზნების დასამალად, რომელთა მიღწევასაც, პირველ რიგში, რუსეთი და აშშ უშლიან ხელს, და მხოლოდ შემდეგ - საქართველო და სხვა „მცირე წონითი კატეგორიის“ ქვეყნები.

   ევროპული სიმართლის გახმოვანების ექსკლუზიური უფლება საკუთარ თავზე აიღეს ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა - გერმანიამ და საფრანგეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიან პოზიციაზე საუბარი ზედმეტია - ის უბრალოდ არ არსებობს, ისევე როგორც წარსულს ჩაბარდა ევროკავშირის ოდესღაც სტაბილური ურთიერთობები აშშ-სთან. 2024 წლის შემდეგ, ტრამპის პრეზიდენტად არჩევით, ზემოაღნიშნული ევროპული სამეული უარს ამბობს აშშ-ის ვასალის როლზე, უთანხმოებები ფიქსირდება საკითხთა მთელ სპექტრზე - უკრაინა (სამხედრო დახმარება, ზეწოლა რუსეთზე), ნატო (წილობრივი მონაწილეობა, ამერიკული ბაზები ევროპაში), სანქციები და ბაჟები, ირანი (სამხედრო დახმარება ისრაელს, ორმუზის სრუტე, ენერგომატარებლები). ტრამპის პოზიცია ყველა მიმართულებით დაფუძნებულია პრაგმატიზმზე, ხანდახან - ზედმეტზეც, რომელიც აშშ-სთვის „გარიგებიდან“ მიღებულ კომერციულ სარგებელს ეფუძნება.

   დეგრადირებული ევრობიუროკრატიის კონტრპროდუქტიული იდეების წყაროს ძიება მხოლოდ მსოფლიო ბატონობის შესახებ ჰიტლერის ნაცისტურ პროექტებში - ცალმხრივი გამარტივებული მიდგომაა. ზუსტად ისევე, როგორც არასწორია სსრკ-ისა და სკკპ-ის გაიგივება მხოლოდ მარქსისა და ენგელსის იდეებთან. ასევე ნდობას არ იწვევს თეზისები ორი ევროპის არსებობის შესახებ: წარსულის, დემოკრატიული იდეალებითა და კანონის უზენაესობით, რომლისკენაც ისწრაფოდა საქართველო; და დღევანდელის, რომელსაც მართავს Эევროპული ბიუროკრატია საბჭოთას იდენტური“, რომელიც გამოდის ყველაფერი თვითმყოფადის, ეროვნულის, ტრადიციულად ქართულის წინააღმდეგ. მსოფლიო რევოლუციის შესახებ მარქსისტული მოძღვრების პროპაგანდა - თითქოს, მალე ევროპელი ხალხები წალეკავენ თავიანთ პოლიტიკურ ელიტებს და მაშინ ქართველები - „ძირძველი ევროპელები“ - კვლავ განაცხადებენ თავიანთ ეგზისტენციალურ არჩევანზე და „ღირსეულად დაბრუნდებიან ევროპელი ხალხების ოჯახში“ - ასევე ვერ უძლებს კრიტიკას და მოგვაგონებს ლენინის ცნობილ ნაშრომს „„მემარცხენეობის“ ბავშვური დაავადება კომუნიზმში“.

საქართველოს ხელისუფლების თანამედროვე იდეოლოგიის ფორმირებისას სასურველია გავითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და თავი ავარიდოთ ყოველივე საბჭოთაზე „რეაქციული“ იარლიყების მიწებებას სსრკ-ის სამართალმემკვიდრეზე - რუსეთის ფედერაციაზე მინიშნებით. ეს მხოლოდ განამტკიცებს გერმანელი პოლიტიკური მოღვაწისა და ფილოსოფოსის, ენგელსის კონცეფციას, რომელშიც მარქსიზმის მეორე ფუძემდებელი ამტკიცებს, რომ „მსოფლიო რევოლუციას შეიძლება თან ახლდეს არა მხოლოდ რეაქციული კლასების, არამედ რეაქციული ეროვნული ცნობიერების მქონე მთელი ერების განადგურებაც, რომელთა ხალხებიც, თავის ძირითად მასაში, კონტრრევოლუციის მხარეს დგანან, ამგვარად, მსოფლიო რევოლუცია წარმოადგენს პროგრესული ერების მსოფლიო ომს რეაქციულების წინააღმდეგ, რომელშიც რეაქციული ერები უნდა დაიღუპონ პროგრესისთვის“.

„ფრანგული პროლეტარიატის პირველივე გამარჯვებული აჯანყებისას, რომლის გამოწვევასაც მთელი ძალით ცდილობს ლუი-ნაპოლეონი, ავსტრიელი გერმანელები და მადიარები გათავისუფლდებიან და სისხლიანი შურისძიებით მიუზღავენ სლავურ ხალხებს. საყოველთაო ომი, რომელიც მაშინ აფეთქდება, გაფანტავს ამ სლავურ ზონდერბუნდს და პირისაგან მიწისა აღგვის ამ ჯიუტი პატარა ერების სახელსაც კი. უახლოეს მსოფლიო ომში პირისაგან მიწისა გაქრებიან არა მხოლოდ რეაქციული კლასები და დინასტიები, არამედ მთელი რეაქციული ხალხები. და ესეც პროგრესი იქნება!“ - წერს ენგელსი თავის ნაშრომში „კომუნიზმის პრინციპები“ (კ. მარქსისა და ფ. ენგელსის თხზულებათა სრული კრებულის მეორე გამოცემის მე-4 ტომი).

დაფიქრდით, ქართველებო! ნუთუ დღეს გერმანიას — გერმანელი მარქსისტების სამშობლოს — საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, სურს განახორციელოს ენგელსის თითქმის ორი საუკუნის წინანდელი იდეები — „პროგრესის სახელით განადგურდეს ეროვნული შეგნების მქონე რეაქციული ერები და სისხლიანი შური იძიონ სლავურ ხალხებზე“, რომელთა განხორციელებაც გასულ საუკუნეში ვერ შეძლეს ფაშისტურმა გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა სხვა გერმანელის — ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით?! განა ენგელსი „ჯიუტ პატარა ერებში, რომელთაც აქვთ რეაქციული ეროვნული შეგნება და რომელთა ხალხებიც კონტრრევოლუციის მხარეს დგანან“, არ გულისხმობს, კერძოდ, ქართველ ერს/ხალხს?! გამოდის, რომ ქართველი და მისნაირი პატარა ხალხების მიწის პირიდან აღგვას, მათი სახელიც კი რომ აღარ დარჩეს“, ენგელსი პროგრესად მიიჩნევს?!

აი სად უნდა ვეძებოთ ევროპაში ქართველოფობიის ფესვები, რომელმაც დღეს უხვი ნაყოფი გამოიღო! მარქსიზმი მოვიდა ევროპიდან - გერმანიიდან, სადაც არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა შესანიშნავი განათლება მიიღო, და არა რუსეთიდან. მეტიც - საბჭოთა კავშირში „მსოფლიო რევოლუციის“ დოქტრინის პროპაგანდა შეაჩერა ქართველმა სტალინმა, რომელმაც უარი თქვა ევროპული კომპარტიების დახმარებაზე, დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები კაპიტალისტურ ქვეყნებთან და წამოაყენა იდეა ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების შესაძლებლობის შესახებ. მაგრამ სტალინის ხსენება ოფიციალურ დონეზე კვლავ ტაბუირებულია - როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.

მიმაჩნია, რომ ზემოთქმული აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს საგარეო და საინფორმაციო პოლიტიკის ფორმირებისას - იმის ნაცვლად, რომ ხელი შევუწყოთ არადამაჯერებელ თეორიას „ორი ევროპის“ შესახებ და გერმანიის ელჩის სარკაზმს საზრდო მივცეთ.

 არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 20 ივნისი
საქართველო, თბილისი