აქტუალური
ალბერ II: „თბილისმა წარუშლელი შთაბეჭდილებები დამიტოვა“

albertთბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. მონაკოს პრინცმა ალბერ II საქართველო დატოვა. სტუმარი საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააცილეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისვლამდე მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერა. ალბერ მეორე თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად ნარიყალას ესტუმრა და განახლებული კალაუბანი დაათვალიერა. პრინცმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„აქ არაჩვეულებრივი გარემოა, ისტორიული მემკვიდრეობის შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა“, – განაცხადა ალბერ მეორემ.

პრინცი საქართველოს 19 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მონარქმა ბაკურიანში პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას და მის ოჯახს მონაკოს უდიდესი ჯილდო – საგვარეულო მედალი გადასცა. ალბერ მეორემ ყვარელში პრეზიდენტის ვენახში რთველშიც მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით პრინცმა დმანისში არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და მეცნიერებს გაესაუბრა.

მონარქი თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნასაც დაესწრო, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს პრინცი მესტიაში ჩავიდა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.

ალბერ მეორეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასპინძლობდა. მესტიიდან მონარქი ისევ ბათუმში დაბრუნდა, სადაც სპექტაკლ „ქეთო და კოტეს“ დაესწრო, შემდეგ კი ღამის ბათუმში გაისეირნა.