საზოგადოება
თბილისი. 21 სექტემბერი. საქინფორმი. მთავრობის მიერ გაპიარებული თემა საქართველოში მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესახებ, ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში მინიმალური პენსია არა – 100, არამედ 55 ლარია. პენსია ას ლარამდე მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაეზარდათ. საპენსიო რეფორმა არ შეხებია შეზღუდული შესაძლებლობების მეორე და მესამე ჯგუფის მქონე ადამიანებს და მარჩენალდაკარგულებს.
საქართველოს მასშტაბით ყოველთვიური პენსია მარჩენალდაკარგულებისთვის კვლავ 55 ლარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეორე და მესამე ჯგუფის პირებისთვის კი – 70 ლარი. სწორედ პენსიის ამ რაოდენობას იღებენ ეს ადამიანები 15 სექტემბრიდან და არა – დაპირებულ 100 ლარს.საქართველოს მთავრობა საეთერო რეკლამებით რამდენიმე კვირაა, აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის სოციალური თანასწორობა აღდგა და თბილისისა და რეგიონების პენსია ერთმანეთს გაუთანაბრდა. არადა, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებით პენსიონერები ისევ დაყოფილი არიან და არც სოციალური თანასწორობა აღდგენილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესახებ 13 სექტემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ნიკა გილაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადეს.