საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. «დღეს ჰააგაში მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ (PCA) გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში, აზოვის ზღვაში და ყირიმის გარშემო შავი ზღვის წყლებში სანაპირო სახელმწიფოს უფლებების შესახებ ათწლიან საარბიტრაჟო დავაზე. დავა განიხილა საერთაშორისო არბიტრაჟმა 1982 წლის გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის VII დანართით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
ალჟირის, დიდი ბრიტანეთის, მექსიკის, რუსეთის და კორეის რესპუბლიკის ხუთი დამოუკიდებელი არბიტრისგან შემდგარმა არბიტრაჟმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. საქმე, რომელსაც აქვს დიდი გეოპოლიტიკური, საერთაშორისო-სამართლებრივი და ისტორიული განზომილება, რუსეთის ფედერაციის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
უკრაინის მრავალრიცხოვანი მოთხოვნები, რომელმაც რუსეთი გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის ათობით მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა, უარყოფილია.
კრახით დასრულდა კიევის ძალისხმევა, სადავო გაეხადა რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტი ყირიმის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე საზღვაო სივრცეებზე. არბიტრაჟმა უარი უთხრა უკრაინას ყირიმისა და აზოვისპირეთის აკვატორიებში ნახშირწყალბადოვან, თევზის და სხვა რესურსებზე კონტროლის დაბრუნებაზე, ასევე მათ გამოყენებასა და ვითომდა მიყენებულ „ზიანზე“ რუსეთისგან რაიმე სახის „კომპენსაციებსა“ და „რეპარაციებზე“.
ასევე ჩაიშალა უკრაინის მცდელობა, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, ქერჩის სრუტე გამოეცხადებინა „საერთაშორისოდ“, ნებისმიერი სახელმწიფოს გემების, მათ შორის სამხედრო გემების გავლის უფლებით. ისტორიაში პირველად, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში ოფიციალურად იქნა აღიარებული ქერჩის სრუტისა და აზოვის ზღვის, როგორც შიდა წყლების სტატუსი, რომლებიც სუვერენული სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს.
არბიტრაჟმა უარყო კიევის მოთხოვნა, საერთაშორისო სამართლის დარღვევად ეცნო („დავის გამწვავების“ ფორმით) დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ მთელ აზოვის ზღვაზე სუვერენიტეტის გამოცხადება. გადაწყვეტილებაში არაფერი უშლის ხელს რუსეთის ფედერაციას, განახორციელოს თავისი სუვერენიტეტი, სუვერენული უფლებები და იურისდიქცია ყირიმის ნახევარკუნძულის, აზოვის ზღვის და აზოვ-ქერჩის აკვატორიის მიმდებარე საზღვაო სივრცეებში.
უარყოფილია უკრაინის აბსურდული და ცინიკური მოთხოვნა ყირიმის ხიდის დემონტაჟის შესახებ. თავად ამ შეგნებულად შეუსრულებელი მოთხოვნის გაჟღერებამ აჩვენა კიევის რეჟიმის არაადამიანური არსი, რომელიც დღემდე ცდილობს „დასაჯოს“ ყირიმელები რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო. უკრაინული მხარის მტკიცება, თითქოს ყირიმის ხიდი ხელს უშლის გემების ნავიგაციას აღნიშნულ აკვატორიებში, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
ყირიმის ხიდის მშენებლობა, მცურავი საბურღი პლატფორმების რუსეთის იურისდიქციაში გადასვლა, რუსი მესაზღვრეების მიერ ქერჩის სრუტეში გემების შემოწმების განხორციელება აღიარებულია, როგორც გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციასთან წინააღმდეგობაში არმყოფი. მსგავსადვე, კონვენციასთან სრულად შესაბამისად და დასაბუთებულად იქნა აღიარებული 2021 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე შავი ზღვის რიგ რაიონებში უცხოური სახელმწიფო გემებისა და სამხედრო ხომალდების გავლაზე რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული დროებითი შეზღუდვა.
უკრაინის ბრალდებები რუსეთის ფედერაციის მიერ წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სფეროში ვალდებულებების დარღვევის თაობაზე სრულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა აღიარებული.
არბიტრაჟმა ასევე უარყო უკრაინული მხარის ყველა განცხადება რუსეთის მიერ ეკოლოგიისთვის ვითომდა ზიანის მიყენების შესახებ. აღიარებულია, რომ რუსეთში მოქმედებს ეკოლოგიური მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა.
ერთადერთი ეპიზოდი, რომელშიც გაკეთდა „რევერანსი“ უკრაინის მიმართ, არის მითითება ყირიმის ხიდის, ენერგოხიდისა და ქერჩის სრუტეზე გამავალი გაზსადენის მშენებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ჩატარების წესის არასრულად დაცვაზე. არბიტრაჟის აზრით, ეკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა მეტისმეტად მჭიდრო ვადებში და არ მოიცავდა პროექტების განხორციელების ოთხივე სეზონს, ხოლო მისი შედეგები არ იყო სათანადოდ გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, არბიტრაჟმა მიუთითა საზღვაო გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით თავად უკრაინის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გზშ-ს ჩატარების ტემპები, რის გამოც არბიტრაჟმა საყვედური უთხრა რუსულ მხარეს, გამოწვეული იყო, უპირველეს ყოვლისა, დაჟინებული ჰუმანიტარული აუცილებლობით - უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყირიმის ორმილიონიანი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებით (ელექტროენერგიით, წყლით, სურსათით, მედიკამენტებით) მომარაგება უკრაინის მხრიდან ნახევარკუნძულის სასტიკი ტოტალური ბლოკადის პირობებში. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული ეკოლოგიური ექსპერტიზა მართალი აღმოჩნდა – როგორც არბიტრაჟმა დაადასტურა, ყირიმის ხიდისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ბუნებისთვის ზიანი არ მიუყენებია.
ამასთან დაკავშირებით, არბიტრაჟის პოზიციას რუსეთის მიერ გზშ-ს ჩატარების პარამეტრებთან დაკავშირებით განვიხილავთ, როგორც საქმეში წაგებული უკრაინული მხარის სიმბოლურ „ნუგეშს“. როგორც არბიტრაჟმა ერთხმად დაადგინა (გადაწყვეტილების IX ნაწილი, პუნქტი 1281), „...[მოცემული] დეკლარაციული სამართლებრივი დაცვის საშუალების მინიჭებით, აღარ არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება ქმედებების შეწყვეტის, გამეორების თავიდან აცილების დაპირებების ან გარანტიების, ან რეპარაციების შესახებ“.
რუსული მხარე კმაყოფილია განხილვის შედეგით.
არბიტრაჟის ეს გადაწყვეტილება არის უკრაინისა და დასავლეთის მტკივნეული მარცხი რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერ გაჩაღებულ „იურიდიულ ომში», — იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.