საზოგადოება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა

memkvidreobaთბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში საქართველოს საზღვრებს გარეთ ისტორიული ქართული ტერიტორიების, უცხოეთში არსებული ქართული მონასტრების, ხელნაწერების, საარქივო მემკვიდრეობისა და სხვა ქართული სიძველეების თემებზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გაიხსნა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის შესწავლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამ მიმართულებით ახალ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსსაც ახორციელებს.

საერთაშორისო კონფერენციაში 70-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოხსენებით წარდგებიან მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ირანიდან.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.