თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი იურისტები ვერ მოხვდნენ. ამის მიზეზი ოფიციალურად უცნობია, მაგრამ თუკი ვერმოხვედრილების სიას გადავხედავთ, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. თუმცა არდანიშნულებს შორის ისეთი გამონაკლისებიც არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული და მათთვის უარის თქმის საფუძველი უცნობია.
გუშინ „ინტერპრესნიუსი“ წერდა იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა.
ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული. თუმცა მისთვის უარის თქმის მიზეზი განმარტებული არ არის.
თუკი გია ხუბუასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს გავიხსენებთ, რაც შარშან ამ დროს ხდებოდა, როდესაც იგი აიძულეს – თანამდებობიდან თავისი ნებით წასულიყო, წელს მისი არდანიშვნის გადაწყვეტილება გასაგები ხდება. ფაქტია, რომ იგი დღევანდელ ხელისუფლებას, რატომღაც, აღარ მოსწონს.შეგახსენებთ, რომ შარშან ნაციონალური ტელევიზიებით აგორდა პიარკამპანია უნივერსიტეტის კუთვნილი წიგნების მოპარვასა და უცხოეთში გაყიდვასთან დაკავშირებით და მაშინ უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელიც კი დააკავეს. ეს კამპანია კი იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე გია ხუბუამ გადადგომის შესახებ განცხადება არ დაწერა. ამის შემდეგ კი ხელისუფლებას წიგნებიც დაავიწყდა და მათი „გამყიდველებიც“.
ფაქტია, რომ ხელისუფლებას გია ხუბუა უნივერსიტეტის რექტორად აღარ აწყობდა, მაგრამ რატომ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ფაქტი ის არის, რომ მას პროფესორის თანამდებობის დაკავების საშუალებაც კი არ მისცეს. ამიტომაც, დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების საშუალება გია ხუბუას გარდა კიდევ რამდენიმე ცნობილ იურისტს არ მისცეს.
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული, მაგრამ პროფესორები ვერ გახდნენ იურისტი გაგა გაბრიჩიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი კახი ყურაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, იურისტი ეკა სირაძე, ყოფილი „ეროვნულ-დემოკრატის“, გია კობახიძის შვილი ირაკლი კობახიძე, იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე, მთაწმინდაზე, გია მაისაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ა.შ.
სამაგიეროდ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: ბესარიონ ზოიძე, დავით კერესელიძე, თევდორე ნინიძე, ლადო ჭანტურია, ირაკლი ბურდული, თამარ ზამბახიძე, გიორგი ცერცვაძე, ლევან ალექსიძე, კონსტანტინე კორკელია, მაია კოპალეიშვილი, ირმა ხარშილაძე, გიორგი კვერენჩხილაძე, ნანა ჭიღლაძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კახიანი, მაია ივანიძე, ლალი ფაფიაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, გიორგი დავითაშვილი, ნუგზარ სურგულაძე, დავით ბოსტოღანაშვილი და მარინა გარიშვილი.
ადვილი მისახვედრია, რომ იგივე გია მეფარიშვილი და ეკა სირაძე სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ დაინიშნენ. ყოველ შემთხვევაში, მათი კრიტიკული პოზიციები ხელისუფლებას დიდად რომ არ სიამოვნებს, ფაქტია.
თუმცა, გასაკვირი ის არის, რატომ უთხრეს უარი თუნდაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურისტს. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულნი არასოდეს ყოფილან.
თავად ეს ადამიანები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამიტომაც ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. არც ის არის გამორიცხული, რომ მათ უარი სწორედ იმიტომ უთხრეს, რომ პოლიტიკური ნიშნით არდანიშვნა თვალში საცემი არ ყოფილიყო.
თუმცა, presage.tv-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება სურდა კონსტიტუციის ცენტრის ხელმძღვანელ ავთანდილ დემეტრაშვილს, მაგრამ მისთვის განაცხადის შეტანის საშუალება ხელისუფლებას არ მიუცია.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას ხელმძღვანელობდა და საკმაოდ კარგად შეასრულა სააკაშვილის დავალება. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მას საკონსტიტუციო ცენტრი შეუქმნეს და ბიუჯეტიდან საკმაოდ კარგ დაფინანსებას იღებს.
უნივერსიტეტში სრული პროფესორის ანაზღაურება დაახლოებით 2 ათას ლარამდეა, მაგრამ დემეტრაშვილს დამატებითი შემოსავალი არ აწყენდა, თუმცა ხელისუფლებამ შეუთვალა: რაც გაგაჩნია დაკმაყოფილდი, თორემ იმასაც დაკარგავო.
როგორც ჩანს, ამავე არგუმენტით უთხრეს უარი ირინა ქურდაძეს და კახი ყურაშვილსაც, რადგან ისინი დღეს საკმაოდ კარგ ხელფასს იღებენ.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არდანიშვნის ოფიციალური მიზეზის გაგება შეუძლებელია. რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიმღები კომისია, ძირითადად, მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული. იმ პირებს, ვისაც უარი ეთქვა, გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეუძლიათ და ის მოსამართლეები, ვინც მათ უარი უთხრა, მათ სარჩელს როგორ დააკმაყოფილებენ, ადვილი მისახვედრია.
მეორე პრობლემა – არის თუ არა ეს ინტერესთა შეუთავსებლობა და უნივერსიტეტი, რომელიც, წესით, დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს, მიმღებ კომისიას რატომ აკომპლექტებს მოსამართლეებით და რატომ არის ამ კომისიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე?
presage.tv