ზუგდიდი. 20 სექტემბერი. საქინფორმი. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს (ზსუ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაციაზე უარი უთხრა. უნივერსიტეტმა ავტორიზაციის გასავლელად საბუთები განმეორებით შეიტანა და საბოლოო პასუხს 15 ოქტომბრამდე ელის.
ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი მხარეში ლიდერი უმაღლესი სასწავლებელი იყო. ის ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტს იღებდა. უნივერსიტეტი კონკურენტად მიაჩნდა ზუგდიდში მოქმედ კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელს – შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს. ეს სასწავლებელი რამდენიმე წლის წინათ დაარსდა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას კადრი თეონა ხუფენია მართავს.ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციაზე უარის გამოცხადებისთანავე განათლების სამინისტრომ ხუფენიას უწყებას უფლება მისცა, დამატებით 700 სტუდენტი მიეღო, რაც ზსუ-ს სტუდენტების რიცხვის იდენტურია. ამ შემთხვევაში შაშკინის უწყება ზსუ-ს ხელმეორე განაცხადის პასუხს არ დაელოდა და შოთა მესხიას უნივერსიტეტი დააწინაურა. ამ უკანასკნელის ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ ყველა ელოდა ზსუ-ს „დაქვეითებას“.
ზსუ-ს ისტორია 20 წელს ითვლის, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კი მის ხელში ჩაგდებას რეგიონის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ.
დაწინაურებულმა მესხიას უნივერსიტეტმა კი სტუდენტების ტერორი უკვე დაიწყო. ზსუ-დან ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადასულ ყველა სტუდენტს შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტმა გავლილი სასწავლო პროგრამა დაუწუნა და წინა კურსზე დასვა. ამ შემთხვევაში სტუდენტებს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ და ერთი და იმავე კურსისთვის ორმაგ თანხას გადაიხდიან. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ზსუ-ს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ფატი შენგელია, რომლის თქმით, „მათი სასწავლო გეგმა და პროგრამა განათლების სამინისტროს აკრედიტაციის სამსახურს ჰქონდა შესწავლილი, შოთა მესხიას უნივერსიტეტს კი ამ ქმედებით სტუდენტები შეცდომაში შეჰყავს და ზედმეტ თანხებს ახდევინებს“.