პოლიტიკა
მთლიანმა შიდა პროდუქტმა 5.2 პროცენტით იმატა

mSpთბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მეორე კვარტალში შემცირდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის პირველ კვარტალში ზრდა 5.8 პროცენტი იყო.

საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანობაში 2011 წლის პირველ ნახევარში მშპ-ის რეალური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი იყო. 2010 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კი უდრიდა 6.6 პროცენტს.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში სამთომომპოვებელ მრეწველობაში 13.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ხოლო მშენებლობის სექტორში – 3.9-პროცენტიანი კლება.

იმ დარგებს შორის, სადაც 2011 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ლიდერობს ფინანსური სექტორი, სადაც ზრდის მაჩვენებელი 29.1 პროცენტი იყო, მას მოსდევს სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი – 11.6 პროცენტი.

საქსტატის თანახმად, მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობაში 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა – 4.9 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სოფლის მეურნეობამ, 2009 წელთან შედარებით, 1.7- პროცენტიანი კლება განიცადა.

2011 წლის მეორე კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით მესამედი შეადგინა – 16.5  და 15.9 პროცენტი  შესაბამისად; შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა – 12.2 პროცენტი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 11.3 პროცენტი; სოფლის მეურნეობა – 9.8 პროცენტი და ჯანდაცვა – 6.3 პროცენტი.

2011 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5,84 მილიარდი ლარი  შეადგინა.