თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქინფორმს ატყობინებს, ბოლო პერიოდში ხშირად ადგილი აქვს სტატისტიკური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკურ კვლევებს, მონაცემთა შეგროვებასა და გამოქვეყნებას ახორციელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თითოეული მაჩვენებელი მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში მიღებული და ადაპტირებულია თავდაპირველ ეტაპზე კვარტალური და ყოველთვიური კვლევებით წინასწარი მონაცემების დაანგარიშება, ხოლო შემდგომ – წლიური კვლევებით მონაცემების დაზუსტება. ეს, ძირითადად, შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს. სწორედ ამით აიხსნება სხვაობა წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის.სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისათვის საქსტატის ვებგვერდზე განთავსებულია მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის, უმუშევრობის, საარსებო მინიმუმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშების როგორც მეთოდოლოგია, ისე მეთოდოლოგიის მოკლე აღწერილობა. გარდა ამისა, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია შინამეურნეობების კვლევის მონაცემთა ბაზები და სამომხმარებლო ფასების ინდექსები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და იქვე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
საქსტატს არასდროს უთქვამს უარი მომხარებლებთან შეხვედრასა და დიალოგზე, ის არ წარმოადგენს დახურულ ორგანიზაციას და ნებისმიერ თემაზე გამოთქვამს დიალოგის თუ დამატებითი შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის მზადყოფნას.