თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უკრაინულ გამოცემა „lb.ua“-თან ინტერვიუში განაცხადა: „აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სასამართლო პროცესი უამრავი დარღვევით წარიმართა. ჩვენ, ფაქტობრივად, დაცვის უფლება წაგვართვეს. ეს ყველაფერი კი ჩემი ოჯახის კომპრომეტირებისთვის და იმისთვის გაკეთდა, რომ ბადრი ბიწაძისთვის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის საშუალება წაერთმიათ. ხელისუფლებამ იცის, რომ ის ძალიან ავტორიტეტული ადამიანია, ბუნებით ლიდერია. ასე რომ, აუცილებელი იყო მისი როგორღაც გაუვნებელყოფა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ყველამ კარგად იცის, რა მეგობრულია ჩვენი ოჯახი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი მეუღლის რჩევა და მხარდაჭერა. ბადრისთვის სასჯელის შეფარდება ჩვენს იძულებით განშორებას ნიშნავდა, რამაც მე ძალიან დიდი დარტყმა მომაყენა“, – აცხადებს ბურჯანაძე. მისი თქმით, მაღალჩინოსნები, რომლებიც ბიწაძის საქმეს სწავლობენ, შოკში არიან და ვერ იჯერებენ, რომ 21-ე საუკუნეში ამგვარი რამ შეიძლება მოხდეს.