საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყებამ კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია სომხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი.
ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ „ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებს“.
„რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი მოსკოვში დაიბარეს კონსულტაციებისთვის სომხეთის ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ზიანს აყენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მოუწოდებეს ამ კავშირის კიდევ ერთ წევრს, სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით - რა სურს სომხეთს, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ხოლო თებერვალში ადგილობრივმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი კავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკას უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ ერთდროულად ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. მან მოუწოდა ერევანს, რაც შეიძლება მალე მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.