წინასწარ დაანონსებული რუსოფობიური შაბაში თბილისში, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ქართველი მენშევიკების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის 108-ე წლისთავს უკავშირდებოდა, ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ქართველი მენშევიკები (მე-11 წითელ არმიას საფრანგეთში ემიგრაციაში რომ გაექცნენ და თან საქართველოს ოქროს მარაგი გაიტანეს), რუსეთისგან დამოუკიდებლობის ლოზუნგით წინასწარ ჰყიდდნენ საქართველოს გერმანიაზე — გერმანელ ინტერვენტთა საექსპედიციო კორპუსი ერთი დღით ადრე, 25 მაისს, უკვე ფოთში გადმოჯდა! ახლაც, ქართველი უცხოეთის აგენტები — რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დიდი ხანია მეურვეობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი (რომელმაც დემონსტრაციულად უგულებელყო სახელმწიფო დღესასწაული), დამოუკიდებლობას ითხოვდა რუსეთისგან, „საითაც საქართველოს ივანიშვილის რუსული პუტინისტური ხელისუფლება ითრევს, ამიტომაც აუცილებლად დასამხობია!“. სამაგიეროდ, მიტინგი თავისი დასწრებით დაამშვენა მენშევიკმა პარიჟანკა ზურაბიშვილმა.
2026 წლის 26 მაისს, ლაჩარმა ქართულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე მოახერხა ამჟამინდელი ხელისუფლების რამდენიმე ათასი მოწინააღმდეგის გამოყვანა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სურსათზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე კატასტროფულად მაღალი ფასებით, დრაკონული ჯარიმებით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისადმი უყურადღებობით, საგზაო საცობებით, დედაქალაქის მეურნეობის სავალალო მდგომარეობითა და „ქართული ოცნების“ სხვა უპატიებელი შეცდომებით. მაგრამ მიტინგის მთავარი ლაიტმოტივი — სიძულვილი რუსეთისადმი, როგორც „ისტორიული დამპყრობლის, ოკუპანტისა და მტრისადმი“ — ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სააკაშვილის პორტრეტებით მოსული ბრბო შეეკრა და რევოლუციაზე აეყოლიებინა, რის გამოც საპროტესტო მუხტი სწრაფად ჩაქრა. „26 მაისს ვიწყებთ და ვამთავრებთ!“ — აცხადებდნენ წინასწარ ოპოზიციის ლიდერები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლების დამხობას იმავე დღეს აპირებდნენ, მაგრამ მიტინგის ორგანიზებაც კი ვერ შეძლეს, ამიტომაც ყველაფერი მართლაც 26 მაისს დასრულდა, ოღონდ… უშედეგოდ!
„რუბიო ახლა ერევანშია, თუმცა შეიძლებოდა თბილისში ყოფილიყო!“ — ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ მუდამ სომხების მოშურნე ქართველი ოპოზიციონერები და მიკროფონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ისე ესალმებოდნენ, თითქოს ის გაიგონებდა. თუმცა, სომხეთს, რომელიც დღეს ისეთ პროცესებს გადის, როგორც საქართველო სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, შესაშური არაფერი აქვს. რაც შეეხება რუბიოს, მან ინდოეთიდან ვაშინგტონისკენ მიმავალ გზაზე, „ზვარტნოცის“ აეროპორტში ერთი საათით შეყოვნდა, რათა იქვე, აეროპორტის შენობაში, წინასწარ გაეფორმებინა სომხეთის პრივატიზაციის გარიგება — იმ შემთხვევისთვის, თუ 7 ივნისს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე სიურპრიზი მოხდება და ფაშინიანს კარაპეტიანი შეცვლის. აეროპორტში გამოძახებულმა მარკო რუბიოს სომეხმა კოლეგამ — არარატ მირზოიანმა — მორჩილად მოაწერა ხელი ჩარჩო-შეთანხმებებს:
1. კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათმიწა ლითონების შესახებ — ზუსტად ისეთივე, როგორიც გასულ წელს უკრაინამ გააფორმა აშშ-თან, რომლის მიხედვითაც აშშ იღებს უფლებას მოიპოვოს, გადაამუშაოს და გაიტანოს წიაღისეული სიმდიდრე საკუთარი საჭიროებებისთვის და გასაყიდად: უკრაინაში — 500 მლრდ დოლარის საერთო ღირებულებით, რათა აშშ-ის ხარჯები კომპენსირდეს, რაც რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მოჰყვა; სომხეთში გარიგების თანხა ჯერჯერობით არ ხმაურდება, სავარაუდოდ, მან უნდა დაფაროს აშშ-ის მომავალი ხარჯები „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მშენებლობის, კეთილმოწყობისა და დაცვისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ამიერიდან აშშ-მა სომხეთის უნიკალური წყლის რესურსების განკარგვის უფლებაც მიიღოს. აი, სადამდე მიიყვანა სომხეთი სააკაშვილის სომხურმა კლონმა...
2. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შექმნაზე თანამშრომლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სომხეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიუნიქის/ზანგეზურის მხარე აშშ-ის განკარგულებაში გადავა, რომელიც სატრანზიტო სატრანსპორტო, ხოლო შემდგომში — ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობის, კონტროლისა და დაცვის გარდა, იქ დატა-ცენტრსა და მოდულურ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებს, რომელთა გასაგრილებლად გამოყენებული იქნება იქ არსებული ჰიდროელექტროსადგურების სამი კაშხლის წყლის რესურსები. ამერიკული კომპანია AECOM-ის ინჟინერთა გუნდი უკვე ჩავიდა სომხეთში საველე კვლევებისა და ზემოაღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის.
3. აშშ-თან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომელიც აშშ-მა საქართველოსთან 2009 წელს, სააკაშვილის პრეზიდენტობისას გააფორმა და რომელიც თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციამ (სააკაშვილის ამხანაგის ჯო ბაიდენის) შეაჩერა. ამ ქარტიის რესტარტი დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მთავარი დეკლარირებული მიზანია.
მაშ ასე, რუსოფობია საქართველოში, როგორც ჩანს, არქაიზმად იქცა. ოღონდ, როგორ ავხსნათ გარკვეული ანაქრონიზმი, რომელიც აქა-იქ მაინც იჭრება ქართველ ხელმძღვანელთა გზავნილებში? სხვა ანაქრონიზმების ფონზე — საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისს აღნიშვნა, სააკაშვილის პარტიის დროშის სახელმწიფო დროშად გასაღება და სხვა?
„საქართველოს სახელმწიფო და ქართული ეკლესია ორი განუყოფელი ბურჯია ერთი სხეულისა, რომელსაც „საქართველო“ ჰქვია. ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე ბურჯი წაგვართვეს, „ოქროს ჯაჭვი“ დაგვადეს და რწმენის წართმევა სცადეს. მას შემდეგ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა!“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქართული არმიის წინაშე.
მითხარი, გეთაყვა, განა ანაქრონიზმი არ არის ამ კუთხით გეორგიევსკის ტრაქტატის გახსენება და რუსეთის ცილისმწამებლების — ქართველი ოპოზიციონერების საყვარელი თემის წამოწევა რუსი ეგზარქოსების შესახებ, რაც ახალ კათოლიკოს-პატრიარქსაც კი უწოდეს რუსეთში მიღებული ბრწყინვალე საღვთისმეტყველო განათლებისა და სამეცნიერო ხარისხის გამო?! მით უმეტეს, რომ გვერდით უწმინდესი და უნეტარესი შიო III იმყოფებოდა? საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია იმსჯელო რწმენასა და ეკლესიაზე პატრიარქის თანდასწრებით, რომელმაც თავის გამოსვლაში თქვა ის, რაც საჭიროდ ჩათვალა? და განა კორექტულია საუბარი საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორც ძაღლზე, რომელიც, თითქოსდა, ჯაჭვით დააბეს, თუნდაც — ოქროსით?! რისკენ მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახლახან სამშობლოსთვის შეფიცულ ახალგაზრდა ქართველებს — შესანიშნავად შეიარაღებულ ქართველ ჯარისკაცებს, როცა განაცხადა, რომ ეს „ბრძოლა არ დასრულებულა“? განა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამართლიანად არ ამაყობს იმით, რომ მისი მოსვლის შემდეგ საქართველოს არც ერთხელ არ უომია? ვისთან უნდა ვიომოთ „ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“ - „რუს ოკუპანტებთან“?!
მართალია, შემდგომ თავის სფიჩში, როგორც ჩანს — ბალანსისთვის, გერმანიაში განათლება მიღებულმა პაპუაშვილმა ირიბად ახსენა გერმანია და ევროკავშირი, ნახეთ: „ზოგიერთებს დღესაც სურთ ჩვენი ორი ბურჯის დანგრევა, რათა ფეხზე მყარად არ ვიდგეთ, უცხო წესებს მივყვებოდეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. რათა, თითქოს ახალ ოქროს ჯაჭვზე, ყველაფერს ვაკეთებდეთ, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიყოთ; რათა სხვებს ვეყრდნობოდეთ და არა საკუთარ თავს“.
ხოლო იქვე სიტყვით გამოსულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირიქით — მიიჩნია, რომ უკვე 35 წელია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მას შემდეგ არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს: „დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ, თითოეულ პატრიოტულად განწყობილ ქართველს შეუძლია იამაყოს იმით, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ისე, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, მიუხედავად უმძიმესი გამოწვევებისა, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დამდგარიყო უწყვეტი პროგრესისა და განვითარების გზაზე, რაც აუცილებლად მიგვიყვანს „აღთქმულ მიწამდე“ — ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გაერთიანებულ და აყვავებულ საქართველომდე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რატომ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ქართული ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ხელმძღვანელები? ნუთუ „ვიღაც“ იტოვებს ყოველი შემთხვევისთვის „სათადარიგო გასასვლელს“ ევროპაში, მაგალითად — გერმანიაში, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ შეიფარა თავისი აგენტი — ექს-პრემიერ-მინისტრი გახარია? რუსოფობიურ ოპოზიციასთან რუსოფობიაში შეჯიბრი, იმ მიზნით, რომ უარყო მათ მიერ წაყენებული ბრალდებები რუსოფილობასთან დაკავშირებით, ასევე არქაიზმია, რომელიც აბსოლუტურად უკუნაჩვენებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 28 მაისი
საქართველო, თბილისი
![]() |