სამართალი
სამართალდამცველებმა დაკავებულების ნათესავებს განუცხადეს, რომ ირაკლი იობიძის, ემილო გუმბერიძისა და მალხაზ გოგიავას სასამართლო პროცესი დღეს დილით გაიმართება, თუმცა დაკავების მიზეზი მათთვის არ განუმარტავთ. „გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ კანონობს და აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს, მივიღე გადაწყვეტილება, გამოვაცხადო უვადო შიმშლობა, თუ დღეს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან. ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგნენ გვერდით ამ ბიჭებს, რადგან, გამორიცხული არაა, ხვალ დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ“, – აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
შეგახსნებთ, რომ შპს „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ 100-მდე თანამშრომელი შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით 13 სექტემბერს გაიფიცა. მათ შორის ოთხმა მეტალურგმა შიმშილობა გამოაცხადა. თუმცა აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით 15 სექტემბერს დაშალა და 40-მდე გაფიცული დააკავა. ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს – მუშები აიძულეს, დაეწერათ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.