სამართალი
სოფელ დუისში საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

saprotestoპანკისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან პანკისის ხეობაში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი პატრულირებს. სამართალდამცველები სოფლების ცენტრში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებენ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ.

სოფელ დუისის მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციის განახლებას აპირებს. დუისელები მათი თანასოფლელი პედაგოგის – ასმათ (შორენა) ხანგოშვილის დაკავებას აპროტესტებენ. დღესვე შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად დუისში ჩავლენ ჩეჩნეთში მოკლული ინგლისელი ჟურნალისტის – როდი სკოტის, მშობლები.

შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის“ ფონდის თანამშრომელია. ფონდი, რომელიც მოკლული ჟურნალისტის მშობლებმა დააარსეს, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. შორენა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა.

აქციას უცხოელი ჟურნალისტებიც გააშუქებენ.

შეგახსენებთ, რომ შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით პარასკევს ახმეტაში დააკავეს. დაკავებულის დედა თინა გუმაშვილის ინფორმაციით, ხანგოშვილი თბილისში იმავე დღეს გადაიყვანეს და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა დაკითხვის გარეშე მიუსაჯეს. თავად ხანგოშვილმა მის ადვოკატს აცნობა, რომ თბილისში გადაყვანისას გზაში სოდ-ის თანამშრომლები მსჯელობდნენ, ოქმში ნარკოტიკული აბები ჩაეწერათ თუ ფხვნილი.

სოფელ დუისის მოსახლეობა საპოტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს.  დუისელები  ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ. დილიდან პროტესტის ნიშნად არ მუშაობს დუისის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები მისულან.