საზოგადოება
სიურპრიზი სპექტაკლ „ქეთო და კოტეს“ მსვლელობისას

speqtakliბათუმი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ბათუმის ოპერაში წარმოდგენილ სპექტაკლში – „ქეთო და კოტე“, რომელიც სპეციალურად მონაკოს პრინცის პატივსაცემად 18 სექტემბერს დაიდგა,  ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. სპექტაკლს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ხარვეზი თავადი ლევანის პირველი არიის შესრულებისას გამოვლინდა; მოულოდნელად მიკროფონი გაითიშა, შემდეგ კი ხმამ მკვეთრად მოიმატა. სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი ამ ფაქტს პრეზიდენტის დაცვას უკავშირებს.

ხარვეზი იქნებოდა იმიტომ, რომ ძაბვა თამაშობდა. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა პრეზიდენტის დაცვა მოდის, რადგანაც სიხშირეები აჯდება ერთმანეთს, – აღნიშნავს დოიაშვილი.

კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილის თქმით კი, მსგავსი ფაქტი მადონას კონცერტზეც მომხდარა.

სპექტაკლში თავადი ლევანის როლის შემსრულებელი ლადო ათანელი ამბობს, რომ ასეთი ხარვეზი არასოდეს დაფიქსირებულა.

მართლაც საოცარი სიურპრიზი იყო. ვფიქრობდი, რატომ ჟღერს ხმა ასე თავისუფლად და ნატურალურად-მეთქი. პირველივე ნოტის დროს მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მოხდა რაღაც ხარვეზი, მითხრეს, ძაბვა დაეცაო. რატომ დაეცა ძაბვა, არ ვიცი. უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ასეთი ხარვეზი არ მოხდება, – აღნიშნავს ლადო ათანელი.

შეგახსენებთ, მონაკოს პრინცი ალბერ მეორე საქართველოში ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის ბათუმში ჩაფრინდა, საიდანაც მესტიაში გაემგზავრა და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მესტიიდან პრინცი ბათუმში დაბრუნდა, სადაც სპექტაკლ „ქეთო და კოტეს“ დაესწრო.