სამართალი
არქანიას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაცია ერთვება

arqaniaზუგდიდი. 19 სექტემბერი. საქინფორმი. პატიმარ მალხაზ არქანიას ორივე ხელის მაჯაზე ვენის გადაჭრის კვალი ეტყობა. ამის შესახებ საქინფორმს არქანიების ოჯახის ადვოკატმა - ლექსო არქანიამ შეატყობინა. ბოლო პაემანის დროს ჭრილობის კვალი მალხაზ არქანიას მეუღლემ და დამ შეამჩნიეს. თუმცა კითხვაზე – რა დაემართა? – პატიმარმა ვიდეოკამერისკენ მიანიშნა და საუბარი სხვა თემაზე განაგრძო. ოჯახი ამბობს, რომ მალხაზ არქანიაზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მას საუბრის დროს ხმა უთრთოდა და სხეული უკანკალებდა.

მალხაზ არქანიას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაცია „ობსერვატორია ადამიანის უფლებების დასაცავად“ ჩაერთო. საქმეში ჩართვის სურვილი ორგანიზაციამ თავად გამოთქვა. ადამიანის უფლებების დაცვის სართაშორისო ორგანიზაციას პატიმრის ადვოკატმა უკვე გადაუგზავნა საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაცია. არქანიას საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთში მოღვაწე გავლენიანი ორგანიზაცია დასკვნას დაახლოებით ერთ თვეში დადებს.

შეგახსენებთ, რომ არქანიას საქმეზე რამდენიმე თვის წინათ საქინფორმმა ვრცელი მასალა მოამზადა. მალხაზ არქანია ქართველმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს ენგურის ხიდზე დააკავეს. მას ოფიციალურად ბრალი აფხაზეთიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადმოტანისთვის წაუყენეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. არადა, ოჯახის ინფორმაციით, არქანია გალიდან ზუგდიდში გარდაცვლილი მშობლების საფლავის ქვის წასაღებად გადადიოდა და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სამართალდამცველები მალხაზ არქანიას ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ გოგიტა არქანიასა და მერაბ ყოლბაიასთან (იგივე „კოჭოია“) კავშირის აღიარებას აიძულებდნენ. ის კი ამაზე უარს აცხადებდა, რის გამოც პატიმარი ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი გლდანის ციხეში აწამეს. არქანიას საქმეში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, რომელიც დასჯის ნაცვლად, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ხელისუფლებამ დააწინაურა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გახადა.

მალხაზ არქანიამ ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ყოფნის დროს ახსნა-განმარტებითი ბარათი დაწერა, რომელშიც მისი წამებისა და პოლიციელების მიერ შეთითხნილი საქმის დეტალებს ჰყვება.