26 სექტემბერს საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატთა აქცია გაიმართება
თბილისი. 19 სექტემბერი.
საქინფორმი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, აქცია 26 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.
„16 სექტემბერს გაიმართა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა, რომელზეც ადვოკატ ტარიელ მურმანაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მურმანაშვილს პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, ანუ მოგებული საქმისთვის დევნიან. ადვოკატთა კორპუსის დევნა უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, გრძელდება ადვოკატთა ტერორი, ირღვევა როგორც ადვოკატების, ისე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უფლებები“, – განაცხადა ხატიაშვილმა.