თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ახალი საარჩევნო კოდექსის 140-გვერდიანი პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე პარასკევს საღამოს გამოქვეყნდა.
პროექტი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა. მასში ასახულია ის შეთანხმებები, რომელთაც ნაციონალურმა მოძრაობამ ზაფხულში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან მიაღწია, მათ შორის, პარლამენტში დეპუტატთან რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტიების მილიონი ლარით დაფინანსებისა და საარჩევნო შემოწირულობათა ზღვარის გაორმაგების თაობაზე.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი, შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის ბოლომდე შეიტანდა ცვლილებებს მოქმედ კანონმდებლობაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, 19 სექტემბერს პარლამენტის ბიუროზე ახალი კოდექსის ინიცირება მოხდება, რომელიც, მმართველი პარტიის ცნობით, ამ კვირის დასაწყისში უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის.საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც 131 მუხლს მოიცავს, მიღების შემთხვევაში, მოქმედ 171-გვერდიან საარჩევნო კოდექსს ჩაანაცვლებს, რომელიც 185 მუხლისაგან შედგება, 2001 წლიდან მოქმედებს და მიღებიდან ამ დრომდე პარლამენტმა მასში 46 ცვლილება და დამატება შეიტანა.
ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისკენ საქართველოს ხელისუფლებას 2010 წლის ივნისში ვენეციის კომისიამ მოუწოდა და თავის რეკომენდაციებში აღნიშნა, რომ არსებულ საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანის ნაცვლად, პარლამენტს შეუძლია, ახალი კოდექსი მიიღოს უახლოეს მომავალში, მომდევნო არჩევნებამდე, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე მაინც.