პოლიტიკა
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები 19 წლისაა

jarebi_qartთბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს 19 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე იმართება.

მფრინავებს პროფესიულ დღეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ულოცავს. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს ფულად ჯილდოს გადასცემენ.

სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა. 1993 წლის 10 აგვისტოს იგი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები 1998 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წელს კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო-საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდა.

პირველი საბრძოლო გაფრენა იური ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელეს, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დადგინდა.