თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის შემდეგაც აშშ-ის საელჩოს მიერ შედგენილ რამდენიმე ტელეგრამაში, რომლებიც „WikiLeaks“-მა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ამერიკელი დიპლომატები საარჩევნო სისტემის საკითხს მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრებზე არაერთხელ განიხილავდნენ და რომ ამერიკელი დიპლომატების აზრით, საჭიროა, საქართველომ შეცვალოს ის „ფესვგადგმული საშუალებები, რომლებიც მმართველი პარტიის ერთპიროვნულ გამარჯვებებს უზრუნველყოფს“.
კონფიდენციალურ ტელეგრამაში, რომელიც აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ვაშინგტონში 2008 წლის 2 ივნისს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, გაგზავნა, დასახელებულია ის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის არსებული სისტემა მმართველი პარტიისთვის სასარგებლო.
საქმე ეხება მაჟორიტარულ ოლქებსა და ამ ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა 75-დან 71 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.„უპირველეს ყოვლისა, სისტემა ამცირებს ქალაქების ხმების ზეგავლენას (სადაც ოპოზიცია უფრო ძლიერია), რადგან ადგილების განაწილება პარლამენტში ოლქების მეშვეობით ხდება და არა [ამ ოლქებში მცხოვრები] მოსახლეობის ოდენობის მიხედვით“, – ნათქვამია დიპლომატიურ გზავნილში.
მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყველაზე პატარა მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 000-მდე იყო, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე დიდში კი, დაახლოებით, 150 000; ამ დიდი განსხვავების მიუხედავად, ორივეში ამომრჩეველი თითო-თითო მაჟორიტარს ირჩევს.
ოლქებს შორის ამგვარი სხვაობის ნაწილობრივ აღმოფხვრა გათვალისწინებულია საარჩევნო რეფორმაზე მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ივნისში მიღწეულ შეთანხმებაში, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმ 10 უმსხვილესი საარჩევნო ოლქის ორად გაყოფას, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, რითაც პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა გაიზრდება.
თუმცა ოლქებს შორის დისპროპორცია მაინც დიდი რჩება. ათი უმსხვილესი ოლქის გაყოფის შემდეგაც კი, ახლად წარმოქმნილ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 52 ათასიდან 80 ათასამდე იმერყევებს; ამას გარდა, ისევ დარჩება ხუთი ოლქი, სადაც 10 ათასზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული; სხვა 42 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 10 ათასიდან და 50 ათასს შორის არის.
მეორე ფაქტორი, რაც მმართველი პარტიისთვის მაჟორიტარული სისტემის ხელსაყრელობას განაპირობებს, არის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესი, რომლის მიხედვითაც, კანდიდატს მოსაგებად კონკურენტებზე მეტი ხმების დაგროვება სჭირდება, თუმცა არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა. ოპოზიციური პარტიები ამაოდ ითხოვდნენ ამ ბარიერის 50%-მდე გაზრდას, რაც მეორე ტურის ალბათობას გაზრდიდა – ეს მოთხოვნა მმართველმა პარტიამ უარყო.
კიდევ ერთ ტელეგრამაში, რომელიც 2008 წლის ივნისში, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, გაიგზავნა, ამერიკელი დიპლომატი ვაშინგტონს ატყობინებს, რომ აუცილებელია ახლად არჩეულმა პარლამენტმა შეცვალოს ის „ფესვგადგმული საშუალებები, რომლებიც მმართველი პარტიის ერთპიროვნულ გამარჯვებებს უზრუნველყოფს“, კერძოდ, მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული დისპროპორციის შემცირების გზით შეცვალოს დეპუტატთა არჩევის წესი.
სხვა კონფიდენციალურ ტელეგრამებში ჩანს, რომ ამერიკელი დიპლომატები ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ჯერ კიდევ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აყენებდნენ.
2008 წლის მარტით დათარიღებულ კონფიდენციალურ გზავნილში მოთხრობილია აშშ-ის მაშინდელ ელჩ ჯონ ტეფტსა და გიგა ბოკერიას – მაშინ მმართველი პარტიის დეპუტატსა და ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, შორის შეხვედრის შესახებ. იმ პერიოდში გაცხარებული დებატები მიმდინარეობდა საარჩევნო სისტემის ირგვლივ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებას მაჟორიტარული ადგილების 50-დან 75-მდე გაზრდის თაობაზე ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციებით უპასუხა.
„როცა ჩვენ ვუთხარით, რომ ეს წინადადება [საპარლამენტო მანდატების თანაბრად გაყოფაზე 75 მაჟორიტარსა და 75 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატს შორის] დიდი ალბათობით პარლამენტში ერთი პარტიის დომინანტობას განაპირობებდა, რაც მთლიანობაში არ იქნებოდა ქართული დემოკრატიის ხელშემწყობი, ბოკერიამ ამის საპასუხოდ თქვა, რომ თუ ოპოზიცია მოიპოვებდა პარლამენტში საკმარის ადგილებს იმისთვის, რომ მმართველი პარტიის წინადადებები დაებლოკა, ეს რეფორმებს შეაჩერებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“ რეალური ოპოზიცია, მისი [ბოკერიას] თქმით, მმართველი პარტიის დაშლის შედეგად უფრო შეიძლება გაჩნდეს, ვიდრე არსებული ოპოზიციური პარტიებიდან წარმოიშვას“, – ნათქვამია ტელეგრამაში.
2008 წლის 2 ივნისის დიპლომატიურ გზავნილი აანალიზებს არჩევნების შედეგებს, სადაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში 150-დან 119 ადგილი მიიღო.
„გრძელვადიან პერსპექტივაში „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტური გამარჯვება პარლამენტში ხელს შეუწყობს საქართველოში რეფორმების სწრაფად გაგრძელებას. ეს აშშ-ის ინტერესებისთვის კარგია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მალე მიღებას, რაც არის მთავარი ელემენტი სასამართლო რეფორმისა და დამოუკიდებლობის წინ წასაწევად“, – ნათქვამია ტელეგრამაში.
თუმცა იმავე ტელეგრამაშია აღნიშნული, რომ „ერთ-ერთი ევოლუციური ნაბიჯი, რაც საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გასაღრმავებლად, არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური მაკონტროლებელი იქნება – თუმცა არც იმ დონეზე, რომ რეფორმები ერთბაშად შეჩერდეს“.
„ამას დრო სჭირდება და ეს არის ის, რის მხარდაჭერაც აშშ-მ უნდა გააგრძელოს დიპლომატიისა და დახმარებების გზით, – ნათქვამია ტელეგრამაში. – ჩვენ გვჭირდება, განვაგრძოთ მთავრობისა და პარლამენტში მმართველი პარტიისთვის იმის ხაზგასმა, რომ მრავალპარტიული სისტემა და ძლიერი პარლამენტები დემოკრატიის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია“.